სახალხო დამცველი „მუხრანის სავანეში“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ხანდაზმულთა სახლ „მუხრანის სავანეში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ბენეფიციარების გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ხანდაზმულთა დაწესებულებებში განთავსებულთა მოწყვლადობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ დაწესებულებებში უსაფრთხოების პირობების მაღალი სტანდარტის დაცვა.

სახალხო დამცველი წლებია მონიტორინგს ახორციელებს ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში და ამოწმებს მომსახურების მიწოდების ხარისხის შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან და მიგნებებს ასახავს ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებსა თუ მონიტორინგის შემდგომ ანგარიშებში. დადგენილი საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების თანახმად, ბენეფიციარები მომსახურებას უნდა იღებდნენ უსაფრთხო გარემოში, დაცული უნდა იყოს ხანდაზმული ბენეფიციარების საცხოვრებელი და მიმდებარე გარემოს უსაფრთხოება .

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ აუცილებელია, შესაბამისმა უწყებებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წარმართონ დროული და ეფექტიანი გამოძიება, რათა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები და გატარდეს შესაბამისი ზომები მომავალში მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები