სოფელ კლდეეთში, სასმელი წყლის პრობლემებზე, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის ერთ ნაწილს უკვე მრავალი წელია სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. მოსახლეობის თხოვნით მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სოფლის დეპუტატი, პრობლემას ადგილზე გაეცნენ და ამ საკითხზე სოფლის მაცხოვრებლებთან შეხვედრა გამართეს. წყლის არსებულ სათავო ნაგებობაში, ზაფხულობით, წყლის დებეტი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქვედა კლდეეთის მოსახლეობა დააკმაყოფილოს და ხშირ შემთხვევაში წყლის გრაფიკით მიწოდებაც კი შეუძლებელი ხდება.
„დაახლოებით ორი წლის წინ დამატებით გაიჭრა ჭაბურღილები, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგი ამას არ მოჰყოლია. საჭიროა წყლის რეზერვუარების და მთელი სისტემის რეაბილიტაცია, ასევე უნდა მოხდეს გამრიცხველიანება, მაგრამ პარალელურად უნდა ვიფიქროთ პრობლემის დროებით გადაჭრაზე, რომ მოსახლეობა ამ ზაფხულს უწყლობამ არ შეაწუხოს“ ,– ამბობს სოფლის დეპუტატი, სოსო ჯანიაშვილი.
„გორგასლის ქუჩის დასაწყისში მდებარეობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ავზი, რომლიდანაც თვითდინებით მიეწოდება წყალი ქალაქს. უნდა მოხდეს მასზე ქვედა კლდეეთის მიერთება. ჩვენგან საკითხი დასმულია და თუ რამდენად არის ტექნიკურად შესაძლებელი ამის გაკეთება, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გადაწყვეტს“,– განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ, დავით ჩირგაძემ.
მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ, მოსახლეობას მოუსმინა და პრობლემის გადაჭრის ყველაზე ოპტიმალურ შესაძლებლობაზე მათთან ერთად იმსჯელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები