ზაზა სარალიძე: როდესაც ჩემი შვილი მიწას მივაბარეთ, ძალიან ბევრ ბავშვს გავესაუბრე და არც ერთს მშობელმა საუბარი არ აცადა

„როდესაც ჩემი შვილი მიწას მივაბარეთ, ძალიან ბევრ ბავშვს გავესაუბრე. სამწუხაროდ, არც ერთ ბავშვს არ აცადა საუბარი არც ერთმა მშობელმა“, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„1-ელ დეკემბერს, როდესაც საავადმყოფოში იწვა ჩემი შვილი, იქ იყო თითქმის მთელი 51-ე სკოლა და არა მხოლოდ ისინი. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა. იქ ასევე იმყოფებოდნენ ჩემი მეგობარი იურისტები და პოლიციელები. მათაც და მეც ყური მოვკარით, რომ ძირითადად სახელდებოდა მღვდლის შვილი, მ. კ. და გ.ჯ. თავისთავად.

სანამ არ დავრწმუნდი ამ ინფორმაციის სიმართლეში, მანამდე ხმაც არ ამომიღია და არც მათი სახელები მითქვამს. როდესაც ბავშვი მივაბარეთ მიწას, რაღაც პერიოდის შემდეგ დავუძახე ყველას. ძალიან ბევრ ბავშვს გავესაუბრე, რომლებსაც თან მამები ახლდათ. მაინტერესებდა რას იტყოდნენ განმეორებით. სამწუხაროდ, არც ერთ ბავშვს არ აცადა საუბარი არც ერთმა მშობელმა. ბავშვს რომ ვუსვამდი კითხვას, მშობელი მცემდა პასუხს. შემდეგ საუბარი მქონდა უშუალოდ ჩემი შვილის მეგობრებთან დ.ღ-სთან და დ.ნ-სთან. მათთან საუბარი ჩავიწერე და რასაც ისინი ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები