აშშ-ს დეპარტამენტი, რუსეთს, პოლიტიკური და რელიგიური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, პოლიტიკური და რელიგიური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთში პოლიტიკური და რელიგიური პატიმრების რაოდენობით, რომელიც სულ უფრო და უფრო მატულობს. განცხადებაში მითითებულია, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის პენიტენციურ დაწესებულებებში 150-ზე მეტი პირი იხდის სასჯელს, პოლიტიკური და რელიგიური მიზეზების გამო.
„ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს ოთხი დაკავებული უკრაინელის მდგომარეობა, რომლებიც უკანონო პატიმრობის პროტესტის ნიშნად შიმშილობენ. ესენი არიან – ოლეგ სენცოვი, სტანისლავ კლუხი, ალექსანდრ შუმკოვი და ვლადიმირ ბალუხი. ჩვენ ასევე გვაშფოთებს ოიუბ ტიტიევის საქმე, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველია და ჩეჩნეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მოვუწოდებთ რუსეთს, გაათავისუფლოს ყველა, ვინც იდენტიფიცირებულია როგორც პოლიტიკური ან რელიგიური პატიმრი და შეწყვიტოს სამართლებრივი დევნა განსხვავებული აზრისა ან მშვიდობიანი რელიგიური პრაქტიკის ჩასახშობად”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.