“მოსახლეობა აცხადებს, რომ პოლიციელის გადაყვანა ბევრჯერ მოითხოვეს, მაგრამ სანამ არ მოკლეს, არ შეისმინეს ხალხის თხოვნაო”
უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი, მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
„ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი ბუტა ანთაძე მოკლეს! უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. მე არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი შემზარავია!
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მისი გადაყვანა ბევრჯერ მოითხოვეს, მაგრამ სანამ არ მოკლეს, არ შეისმინეს ხალხის თხოვნაო!
ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, მაგრამ თუ მართლა იყო შესული განცახდება მისი გადაყვანის შესახებ, ან ზოგადად პოლიციიდან დათხოვნის შესახებ და არ იქნა ეს შესწავლილი და მეტიც გენერალურში არ იქნა გადაგზავნილი განცახდება (თუ მართლა არსებობს ასეთი), ბრალდებულთან ერთად, პასუხი უნდა აგოს სამხარეოს უფროსმა და ადგილობრივმა პროკურორმა!
ძალიან ბევრი საქმეა თაროზე შემოდებული პოლიციელის მხრიდან ძალდობის ფაქტებზე და სწორედ ეს აძლევს ზოგს იმის უფლებას, რომ თავს იმაზე მეტი უფლებები მისცენ, ვიდრე აქვთ!
აუცილებელია ამ საქმის დეტალური გამოძიება და საინტერესოა მკვლელეობის მოტივი რა აქვს ბრალდებულს, არანაირი გამართლება არა აქვს ამ მკვლელობას, მეტიც, ზნედაცემული ადამიანი ეპარება ასე ზურგიდან და კლავს ადამიანს, მაგრამ აუცილებელია შსს-მ გააკეთოს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება და თუ მიზანმიმართულია პოლიციის დისკრედიტაცია, რეაგირება მოახდინოს ამ ფაქტზეც.
თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, სასწრაფოდ გამოიძიეთ ჩვენს მიერ შემოტანილი საჩივრები, სადაც დევს ფაქტები პოლიციის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე! თორემ ეს პროცესი შეუჩერებელი იქნება და ხალხი გადავა შურისძიებაზე!“,- წერს ინგა ბერიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მურად (ბუტა) ანთაძე გუშინ მოკლეს. არსებული ინფორმაციით, 14 ივნისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარადან მუხაესტატეს გზის გავლით, დენდროლოგიურ პარკში ხის ტრანსპორტირების დროს, ადგილზე ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ადგილობრივების თქმით, ნასვამმა, 28 წლის ბ.ტ.-მ, იქ მყოფი პოლიციელები სახლში საქეიფოდ დაპატიჟა, რაზეც პოლიციელებმა უარი განუცხადეს. გამთენიისას, ბ.ტ.-მ ადგილზე მყოფ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსს, მურად ანთაძეს, მოულოდნელად, ზურგის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მურად ანთაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბრალდებულს პოლიციის უფროსთან გარკვეული უთანხმოება ადრეც ჰქონდა და აღნიშნული მკვლელობის ფაქტი, ხის გადატანას არ უკავშირდება.
„კვირას“ ინფორმაციით, ბრალდებული მოკლულის კურსელია.