„ყოველთვის მხნედ იდგა ამ ყველაფრის წინაშე“ – ქობულეთში მოკლული პოლიციელის მეგობრის ემოციური პოსტი
ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობის ფაქტს, მისი ერთ-ერთი მეგობარი გია ხალვაში ემოციური პოსტით ეხმაურება.
გია ხალვაში მოკლული ბუტა ანთიძის სიმამაცის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და მის ფოტოს აქვეყნებს.
„დღე, რომელსაც ყოველ დილით მე და ჩემი ოჯახი ვცდილობთ პოზიტიურად შევხვდეთ, დილით მეუღლემ სამწუხარო ინფორმაციით გამაღვიძა და მომისამძიმრა კიდევ ერთი პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვა, რომელსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ერთ-ერთმა წახალისებულმა კრიმინალმა დანით მძიმე ჭრილობა მიაყენა.
ვუსამძიმრებ ჩემი მეგობრის, ბუტა ანთაძის ოჯახს ამ სამწუხარო ფაქტს, ძალიან დათრგუნული ვარ, რადგან რამდენიმე წელი ერთი სამსახურის, ერთი მუნდირის ქვეშ გაგვიტარებია, ბევრ წვიმას და ქარიშხალს გადაუვლია ჩვენს თავს, მხოლოდ იმისათვის, რომ გვემსახურა საქართველოსთვის, დაგვეცვა ჩენი მოქალაქეები. მიუხედავად ამისა, უამრავი საფრთხე დაგვმუქრებია, მაგრამ ყოველთვის მხნედ იდგა ბუტა ამ ყველაფრის წინაშე.
ასევე, ვუსამძიმრებ ბუტას ძმას, რომელიც პოლიციელია და უამრავი ღამე ერთად გაგვითენებია კრიმინალთან ბრძოლაში,
მე დარწმუნებული ვარ, ბუტას სახელი მუდამ დარჩება თითოეული პოლიციელის გულში, როგორც კარგი და ღირსეული პოლიციელი, ნათელში ამყოფოს შენი სული, გმირო პოლიციელო!“ -წერს გია ხალვაში.
მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მურად (ბუტა) ანთაძე გუშინ მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, 14 ივნისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარადან მუხაესტატეს გზის გავლით, დენდროლოგიურ პარკში ხის ტრანსპორტირების დროს, ადგილზე ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ადგილობრივების თქმით, ნასვამმა, 28 წლის ბ.ტ.-მ, იქ მყოფი პოლიციელები სახლში საქეიფოდ დაპატიჟა, რაზეც პოლიციელებმა უარი განუცხადეს. გამთენიისას, ბ.ტ.-მ ადგილზე მყოფ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსს, მურად ანთაძეს, მოულოდნელად, ზურგის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მურად ანთაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბრალდებულს პოლიციის უფროსთან გარკვეული უთანხმოება ადრეც ჰქონდა და აღნიშნული მკვლელობის ფაქტი, ხის გადატანას არ უკავშირდება.
„კვირას“ ინფორმაციით, ბრალდებული მოკლულის კურსელია.