სენაკში, ეკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის IX-XVIII სს-ის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 18 აპრილის ბრძანებით მიიღო.
კომპლექსი მოიცავს ეკლესიას – IX – X სს-ის მიჯნა (მოიცავს უფრო ადრინდელ ფენას); ეკლესიის კარიბჭეს – XIII – XIV სს; სასახლეს – XIII – XIV სს; სამრეკლოს – XIII–XIV სს-ის მიჯნა; გალავანს– X, XVII- XVIII სს.
ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი საისტორიო საბუთებში გვიანი შუა საუკუნეებიდან მოიხსენიება. ცნობები მონასტრის და მისი ნაგებობების აგების შესახებ არ მოიპოვება.
მონასტერში ცენტრალური ადგილი უკავია იოანა ნათლისმცემლის ეკლესიას, მისგან ჩრდილო-დასავლეთით სამრეკლო და სასახლე დგას, რომელსაც აღმოსავლეთიდან უერთდება დანგრეული, მიწასთან გასწორებული შენობათა ნაშთები. ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოა.
ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერს ისეთივე მდებარეობა აქვს, როგორსაც ციხეების ასაგებად არჩევდნენ. მთის თხემის დაახლოებით 150X50 მ-ის ფართობის მქონე მოზღუდული ტერიტორია, სადაც სამონასტრო ნაგებობები დგას, ციტადელს წარმოადგენს. აქედან რელიეფი დამრეცად ეშვება ჩრდილოეთით და დასავლეთით, ხოლო დანარჩენი ორი მხრიდან ტყით დაფარული შვეული ფერდობები აკრავს.
გალავანს ეტყობა მრავალგზის შეკეთების კვალი. მისი სიმაღლე ზოგან 8-10 მეტრამდე აღწევს. არის ასევე მიწამდე დანგრეული მონაკვეთები. გალავნის ნატეხი ქვით ნაგებ კედლებზე გარედან ადგილ-ადგილ მიდგმულია ნახევარწრიული, ზევით კონუსისებურად შევიწროებული კონტრფორსები.