გიორგი კახიანი: თუ აზერ სულეიმანოვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მას უფლებამოსილება შეუწყდება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ, სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ეს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდება.
შესაბამისი კომენტარი კახიანმა მარნეულში მომხდარ ინციდენტზე გააკეთა.
„მოცემულ შემთხვევაში პროკურატურის მხრიდან მოხდა მხოლოდ პარლამენტის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ პარლამენტის კონკრეტული წევრის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა და მას ბრალი აქვს წაყენებული. მოთხოვნა დაკავებაზე ან ჩხრეკაზე რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, პარლამენტი იმსჯელებდა ამის თაობაზე. თუ სასამართლოში წარიმართება საქმე და სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს პარლამენტის წევრის მიმართ, უკვე გამამტყუნებელი განაჩენი იქნება მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი“, -განაცხადა გიორგი კახიანმა.
საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ – რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.
შესაბამისი ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები