პაციენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის უფრო დამძიმებას ითხოვდა – რას ყვება სამსახურიდან გათავისუფლებული ექიმი

„პაციენტი ითხოვდა, მისი ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობის უფრო დამძიმებას, რასაც მე, როგორც ექიმი არ დავთანხმდი, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო მძიმე“, – ამის შესახებ “ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის” უკვე ყოფილმა ექიმმა მურთაზ მამაგეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მურთაზ მამაგეიშვილმა მედიასთან დეტალურად გაიხსენა 11 ივნისის საღამო და მასსა და პაციენტს შორის გამართული დიალოგი.
„11 ივნისს, მორიგე ვიყავი. 12 წლის ბიჭს ოპერაციას ვუკეთებდი. ოპერაცია ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როდესაც მიმღებიდან დარეკეს პაციენტი ტრავმატოლოგს ელოდებაო. მიმღებში ჩავედი. ახალგაზრდა ქალბატონმა მითხრა, რომ აქციაზე იყო პოლიციელებმა იძალადეს და დაზიანებები მაქვს მიღებულიო. პაციენტი გავსინჯე. არცერთი კიდურის მოტეხილობა არ აღენიშნებოდა. ერთადერთი, რაც იყო, მარჯვენა ხელის ზემო არეში, კუნთთან შეწითლება აღენიშნებოდა. არსებული მდგომარეობის შესახებ ისტორიაში დავწერე დიაგნოზი, თუმცა პაციენტი ითხოვდა – „როგორ მე უფრო მეტი დაზიანება არ მაქვსო?! რაზეც ვუთხარი, რომ უფრო მეტი დაზიანება რომ დავწერო, მაშინ უფრო მეტად უნდა ეცემეთ-მეთქი. მე, რა თქმა უნდა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დავწერე ის, რაც მას ჰქონდა მიღებული”, – აღნიშნა მურთაზ მამაგეიშვილმა.
თუმცა, მამაგეიშვილი ჟურნალისტებთან არ, ან ვერ განმარტავს, თუ რატომ მიიღო კლინიკის ადმინისტრაციამ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება.
ცნობისათვის, ექიმი ტრავმატოლოგი კლინიკის ადმინისტრაციამ, ეთიკური ნორმების დარღვევის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო კვიტაიშვილი ინგოროყვას კლინიკაში მომხდარ ინციდენტს დეტალურად იხსენებს.
ნინო კვიტაიშვილის თქმით, ინგოროყვას კლინიკაში ტრავმატოლოგმა მურთაზ მამაგეიშვილმა, პოლიტიკური კუთვნილების გამო, სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი უთხრა.
კვიტაიშვილის თქმით, ექიმმა მკურნალობაზე უარი მას შემდეგ უთხრა, რაც გაიგო, რომ მან სხეულზე დაზიანებები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მიიღო და რომ ის, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია.
მისივე განცხადებით, მედიკოსებმა მას ტრავმული დაზიანების შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს, თუმცა, ტრავმატოლოგს აღარ გაუსინჯავს.
„მისი მხრიდან იყო მხოლოდ ორი შეკითხვა დასმული, ეს გახლდათ ერთი, რომ რა მჭირს და ავუხსენი, რომ სხეულზე, ვფიქრობ, რომ მაქვს დაჟეჟილობის კვალიც იმიტომ, რომ ძალიან მტკივა სხეული, ეგ არაფერი და უკვე მეორე კითხვა იყო, – კი მაგრამ, სად მიიღე ეს, იქ ხომ არ იყავი? რაზეც მე ვუპასუხე, რომ დიახ, ვიყავი აქციის მონაწილე და ვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამაზე პასუხად მან მომიგო, რომ ვარ მეტის ღირსი. ამის შემდგომ აპირებდა საუბრის გაგრძელებას ძალადობის მიმართულებით და ნამდვილად არ ვიცი, რა წარსულზე უნდა ესაუბრა იმიტომ, რომ რაღაც მსგავსს, ოღონდ უფრო დაბალ ხმაზე მოვკარი ყური და ჩემი პასუხი იყო, რომ რაზეც არ უნდა მესაუბროთ, ახლა შსს-ს მხრიდან ჩემზე განხორციელებულ ძალადობას ეს ვერ გაამართლებს და როცა მას არ მოეწონა ეს პასუხი, უბრალოდ, დატოვა ოთახი ძალიან სწრაფად”, – განაცხადა კვიტაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები