პროკურორები და გამომძიებლები ოჯახში ძალადობის თემაზე ერთობლივ დისტანციურ სწავლებას გაივლიან

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ერთობლივ სწავლებას გაივლიან. პროექტის პრეზენტაცია საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს გაიმართა, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ გახსნეს. ელექტრონული კურსი HELP–ის პროგრამის მეშვეობით იქნა შემუშავებული, რომელიც იურიდიული სფეროს წარმომადგენლებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების გაცნობას ისახავს მიზნად.

3-თვიანი კურსის ფარგლებში, 20 პროკურორი და გამომძიებელი სწავლებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე გაივლის. ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სასამართლო რეაგირების გაუმჯობესებას და დამნაშავეთა სამართლებრივი დევნისას მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კურსი ფარავს როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს და პრეცედენტულ სამართალს, რომელიც მიზნად ისახავს ქალების და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციას და მათ დაცვას ძალადობისგან. დისტანციური სწავლების მოდული, თეორიულ მასალასთან ერთად, დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და სავარჯიშოებით. სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულების შემდგომ, მონაწილეებს კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცემათ.

ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი სწავლება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კოორდინირებული და ეფექტიანი საქმიანობის განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები