რუსთაველის თეატრში ფონდ „ქართული გალობის“ დაჯილდოება გაიმართება

ფონდი „ქართული გალობა“ 19 მაისს რუსთაველის თეატრში ყოველწლიური დაჯილდოების მეორე საზეიმო საღამოს გამართავს. გასული წლის მსგავსად, წლევანდელ ღონისძიებაშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ტრადიციული კულტურის ღვაწლმოსილი მოამაგენი და მათ ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი “ქართული გალობა” 2012 წელს დააფუძნდა. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II 14 მაისი ქართული გალობისა და სიმღერის დღედ გამოაცხადა და მისი კურთხევითვე ბიზნესმენმა ვანო (ივანე) ჩხარტიშვილმა დააფუძნა ფონდი “ქართული გალობა”, რომელიც ყოველწლიურად გამოყოფს 20 000 ლარს საპატრიარქო პრემიისათვის.
აღნიშნული პრემიით 14 მაისს I, II და III ადგილზე გასული, რეგიონებში მოღვაწე მუსიკალური კოლექტივები დაჯილდოვდებიან. ფონდის საქმიანობაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ტრადიციული გალობისა და სიმღერის მეცნიერული კვლევის, უძველესი ნიმუშებისა და ჩანაწერების მოძიება-აღდგენის, შესაბამისი აუდიო, ვიდეო და ელექტრონული ვერსიების შექმნა და შესაბამისი მატერიალურ–ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბება. ფონდი მჭიდროდ ითანამშრომლებს გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან, როგორც მაღალკვალიფიციური ლოტბარებისა და რეგენტების მომზადების მთავარ კერასთან და ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების დასაქმებას.
ქართული გალობისა და სიმღერის საქართველოსა და უცხოეთში პოპულარიზაციისათვის ფონდი ხელს შეუწყობს მართლმადიდებელი სამყაროს ტრადიციული გალობის და ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალებში ქართული გუნდების მონაწილეობას და ანალოგიური ფესტივალების ორგანიზებას საქართველოში. ფონდი თანამშრომლობს ტრადიციული მუსიკით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და პირებთან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; გასცემს გრანტებს გარკვეული მიზნების განსახორციელებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები