პროკურატურა მირზა სუბელიანისა და მერაბ მორჩაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა ბრალდებულ მერაბ მორჩაძისა და მირზა სუბელიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„საქართველოს პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. მ.მ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით, მოწმის მოსყიდვა, ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით), ხოლო მ.ს.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა).

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით, განახორციელა ზემოქმედება, კერძოდ, მ.მ.-მ თვითმხილველ მოწმეს რამდენჯერმე გადასცა ფულადი თანხა და დაჰპირდა, რომ თუ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს შეცვლიდა გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და გ.ჯ.-ს არ ამხელდა დანაშაულში, მას მატერიალურად დაეხმარებოდა და მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში, უზრუნველყოფდა მედიისა და საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერას.

ჩატარებული გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ, მ.ს.-სთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები