თამარ ჩუგოშვილი: გამორიცხულია, ხორავას ქუჩის საქმეში რამე დაიფაროს და გამოუძიებელი დარჩეს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებისას ყველა პირი დაისჯება და იმ კითხვის ნიშნებს, რომელიც არსებობს, გამოძიება პასუხს გასცემს. ჩუგოშვილმა ცოტა ხნის წინ დაკავებულ მირზა სუბელიანზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი დაკავება შემთხვევიდან რამდენიმე თვეში იმიტომ მოხდა, რომ აქამდე საქმეში მისი ბრალეულობა არ იკვეთებოდა. ჩუგოშვილი ამბობს, რომ თუ დამატებით, ახალი გარემოებები გამოიკვეთება, არ გამორიცხავს, რომ სუბელიანს ბრალი დაუმძიმდეს.
„საქმე შედგება რამდენიმე კომპონენტისგან; არის ნაწილი,რომელიც მკვლელობას უკავშირდება და არის ნაწილი, რომელიც დანაშაულის დაფარვას უკავშირდება. სუბელიანის შესახებ გამოძიება ბოლო ერთი თვეა, რაც მიმდინარეობს.
რამდენადაც მე ვიცი, სუბელიანის დანაშაული გამოიკვეთა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ და აქამდე მისი ბრალეულობა საქმეში არ შეინიშნებოდა.
გამოძიების დაწყებისას ეს პირი საქმეში არ ფიგურირებდა. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამორიცხულია, ამ საქმეში რამე დაიფაროს და გამოუძიებელი დარჩეს.
რაიმეს დაფარვის სურვილი რომ არსებობდეს, საქმეზე ვერ შეიქმნებოდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და ის ოპოზიციის ხელში ვერ აღმოჩნდებოდა.
რაც შეეხება სუბელიანს, ჩვენ ლინჩის წესით ვერავის გავასამართლებთ და თუ ფაქტები და მტკიცებულებები არ იარსებებს, ვერავის ვერაფერს დავაბრალებთ, თუმცა, ცხადია, არ გამოვრიცხავ, ბრალი დამძიდეც იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს შესაბამისი მტკიცებულებები“ – თქვა ჩუგოშვილმა.
მისივე განმარტებით, საქმის გამძიებისას არსებობდა შეცდომები, რასაც მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა მოჰყვა.
„გულწრფელად გეტყვით, მეც მაწუხებს ამ საქმეზე კითხვები, მეც ყოველდღე ველი სიახლეებს ამ საქმეზე“ – თქვა თამარ ჩუგოშვილმა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ ცოტა ხნის წინ მირზა სუბელიანი დააკავა, 8 ივნისს კი – მერაბ მორჩაძე. სუბელიანს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, მორჩაძეს კი – მოწმეზე ზემოქმედებას.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლის განაჩენის გამოცხადებას ზაზა სარალიძის მხარდამჭერი მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების პირველივე დღეს გადადგა მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე. საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, პარლამენტში კი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობა უმცირესობის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.