გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 4 პაციენტი თელავიდან თბილისში გადმოიყვანეს, მათ შორის ერთი მოზარდია
თელავის რეფერალურ9 საავადმყოფოდან გომბორის უღელტეხილზე დაშავებულთაგან 4 პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადმოიყვანა. მათ შორის ერთი 175 -ე სკოლის მე-6 კლასელი ბიჭია. 9 წლის ბიჭი ამჟამად იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მას კომპიუტერული გამოკვლევა უტარდება. კატასტროფის ბრიგადის მიერ გადმოყვანილია ერთ-ერთი ქალიც, რომელსაც ავარიის შედეგად, 9 წლის შვილი შემთხვევის ადგილზევე დაეღუპა.
როგორც „კვირას“ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ამჟამად კლინიკაში 18 პაციენტი რჩება. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ მოზარდს მუცლის ღრუს ოპერაცია დასჭირდა და ის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. 9 წლის გოგონა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, კლინიკაში დარჩენილი 18 პაციენტი მკურნალობას აგრძელებს, ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
გამოძიებით, ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თელავის რაიონის სოფელ კობაძეებთან, ქალაქ თელავის მიმართულებით მოძრავი ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 21 დაშავდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.