ექიმი ცხინვალიდან შეყვანილ მოქალაქეზე – ჩვენთვის, პირველ რიგში, პაციენტია და იდენტიფიკაცია მხოლოდ შემდეგ ხდება

“ღუდუშაურის კლინიკაში როდესაც გადმოჰყავთ პაციენტი, ჩვენთვის, პირველ რიგში, არის პაციენტი და იდენტიფიკაცია მხოლოდ შემდეგ ხდება”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, მარინა გელანტიამ განუცხადა, რომელმაც კომენტარი 7 ივნისს, გამთენიისას, ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ მიერ ცხინვალის რეგიონიდან მათ კლინიკაში შეყვანილ პაციენტზე გააკეთა. კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნული პირი ასლან ჯიოევი, გელანტიამ განაცხადა, რომ პაციენტის სახელისა და გვარის იდენტიფიკაციის უფლება არ აქვთ და მისი მონაცემებიც კლინიკას მოგვიანებით გადაეცემა. მისივე განცხადებით, პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული დაზიანებებით შეიყვანეს. სამართალდამცველები კლინიკაში ამ დრომდე არ მისულან.
„რაიმე განსაკუთრებული ღონისძიება ამ საკითხთან დაკავშირებით, არ ყოფილა, მე, ყოველ შემთხვევაში, არ მინახავს. ჩვენთან როდესაც გადმოჰყავთ პაციენტი, პირველ რიგში, არის პაციენტი და იდენტიფიკაცია მხოლოდ შემდეგ ხდება. ახლა შაბათ-კვირა დაემთხვა და მისი მონაცემები კლინიკისთვის უფრო დაწვრილებით იქნება გადმოცემული“, – განაცხადა მარინა გელანტიამ.
მისივე თქმით, „წითელი ჯვრის“ მიერ კლინიკაში შეყვანილ პაციენტს აღენიშნება: ქალა ტვინის ღია ტრავმა, გულ-მკერდისა და ტვინის დაჟეჟილობები, სისხლჩაქცევა, ქალა ფუძისა და ქალა სარქვლის მოტეხილობა.
„სასწრაფო წესით, ნეიროქირურგების მიერ საოპერაციოში იყო შეყვანილი, რის შემდეგაც პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილურად მძიმე“, – განაცხადა მარინა გელანტიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები