თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 22ადამიანი მიიყვანეს – მათ შორის, 13 ბავშვია

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 22 ადამიანი მიიყვანეს.
როგორც „კვირას“ თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, მაია მახათელაშვილმა განუცხადა, ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში დაშავებულებიდან 13 არასრულწლოვანი, ხოლო 9 მოზრდილია. მისივე ინფორმაციით, ყველა დაშავებული კონტაქტურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„გომბორიდან გადმოყვანილია 22 დაშავებული, მათ შორის 13 ბავშვია და 9 – მოზრდილი. მათ სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აღენიშნებათ. მიმდინარეობს გამოკვლევები და გამოკვლევების შედეგად, მათი დაზიანებები შეფასდება. ყველა მათგანი კონტაქტურია. არცერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული არ არის. ამ ეტაპზე, პაციენტების თელავიდან თბილისში გადაყვანის საკითხი არ განიხილება. ამ გადაწყვეტილებას კვლევის შედეგების შემდეგ მივიღებთ“, – განუცხადა „კვირას“ მაია მახათელაშვილმა.
დაშავებულებს სამედიცინო დაწესებულებაში შს მინისტრის მოადგილე – მერაბ მალანია მოინახულებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად, 4 ადამიანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 16 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები