ირაკლი კობახიძე: საქართველო-მოლდავეთი-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეას ხელშესახები მიღწევები ექნება
„ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები მიღწევები და საბოლოოდ, მივაღწევთ ჩვენს მიზნებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დასავლურ ინტეგრაციას უკავშირდება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-მოლდავეთი-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნების შემდეგ განაცხადა.
ასამბლეის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ, ანდრიი პარუბიმ და მოლდავეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრიამ კანდუმ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამ ერს შორის ისტორიულ მეგობრობას ეფუძნება და ასამბლეის შექმნა კიდევ ერთი დემონსტრირებაა საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის მისწრაფებისა, ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს.
„დღეს ისტორიული დღეა – ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას სამი ქვეყნის -უკრაინის, მოლდავეთის და საქართველოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნების შესახებ. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება ჩვენი მისწრაფებისა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის და თანამშრომლობა უფრო მაღალ და სტრატეგიულ დონეზე გადავიყვანოთ.
ეს თანამშრომლობა ეფუძნება სამ ერს შორის ისტორიულ მეგობრობას. უკრაინელ, მოლდაველ და ქართველ ხალხს აქვთ ისტორიული კავშირები და განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობა ეფუძნება სამ ერს შორის ისტორიულ მეგობრობას. ეს ძალიან მტკიცე საძირკველია და ჩვენ, პოლიტიკოსებმა, შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ.
ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები, საერთო მიზნები და მისწრაფებები. ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად ვიდგეთ, საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად და საერთო მიზნების მისაღწევად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დემონსტრირება ჩვენი მტკიცე პოლიტიკური ნებისა, რომ ინტენსიურად ვითანამშრომლოთ და მწამს, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ყველა მიზანს მივაღწევთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს მათი ერთგულებისა და ენთუზიაზმისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები მიღწევები და საბოლოოდ, მივაღწევთ ჩვენს მიზნებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დასავლურ ინტეგრაციას უკავშირდება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.