სამხარაულის ბიუროს ექსპერტმა შსს დატოვა
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომელი, ექსპერტი თამარ შოშიტაიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან ცოტა ხის წინ გამოვიდა. როგორც შოშიტაიშვილმა განაცხადა მას გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.
შოშიტაიშვილს ექსპერტიზა გარდაცვლილების ტანსაცმელზე ჰქონდა ჩატარებული და კითხვები სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა. მისივე თქმით დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის დასკვნის შედეგებს არ იცნობს.
მაია ნიკოლეიშვილის მიერ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოზე წარდგენილმა დასკვნებმა გამოძიების სურათი სრულად შეცვალა. საბოლოოდ ამან მოსამართლის გადაწყვეტილებაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედა.
მოსამართლემ განაჩენი 31 მაისს გამოაცხადა. რასაც დაზარალებული მხარის, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის პროტესტი მოჰყვა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელმაც მუშაობა დღეს დაიწყო.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიბრუნა გამოძიებაში და მას უშაულოდ მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში 7 ივნისს მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დაიბარეს, როემლიც მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამაა. მისი სახელი დანაშაულიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.