კახა კუჭავა: საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ევროინტეგრაციის გზაზე ძალების გაერთიანებას
„საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თანამშრომლობის გაღრმავებასა და ძალების გაერთიანებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა.
კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და დელეგაციასთან ერთად, კიევში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით ” მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადებით, ორდღიან კონფერენციაზე ყურადღება უსაფრთხოების საკითხებსა და იმ შემდგომ ნაბიჯებზე გამახვილდება, რომელიც სამმა ქვეყანამ ევროპულ ოჯახთან უფრო დასაახლოებლად უნდა გადადგას.
„დღეს და ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება კიევში, სადაც საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ განცხადებას მოაწერენ ხელს. საპარლამენტო ასამბლეა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თანამშრომლობის გაღრმავებასა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე ძალების კიდევ უფრო გაერთიანებას. გარდა ამისა, გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორც ასრულებენ ქვეყნები ვალდებულებებს, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გვაქვს აღებული. დაისახება თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს სამ ქვეყანას უდგას წინ. ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოებასა და აღსრულების ნაწილზე გამახვილდება. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული იმ შემდგომ ნაბიჯებზე, რომლებიც სამმა ქვეყანამ ერთობლივად უნდა გადადგას ევროპულ ოჯახთან კიდევ უფრო დასაახლოებლად“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.