სერგი კაპანაძე: ადა მარშანიამ მოაწყო რაღაც პოლიტიკური შოუ, მასკარადი თავისი ვიწრო, პოლიტიკური მიზნებისთვის
ქალბატონმა ადამ მოაწყო რაღაც პოლიტიკური შოუ თავისი ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის, – ასე შეაფასა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენლის ადა მარშანიას დღევანდელი განცხადებები.
კაპანაძის თქმით, კომისიის ფარგლებში არანაირი მანდატის გაფართოვება არ მოხდება.
“ქალბატონმა ადამ მოაწყო რაღაც პოლიტიკური შოუ, მასკარადი თავისი ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის. ეს კომისია მუშაობს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან და მის ირგვლივ არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამ კომისიის ფარგლებში, არანაირი მანდატის გაფართოვება არ მოხდება და ეს მან ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ მაინც გამოიყენა შესაძლებლობა ამ პოლიტიკური შოუს მოსაწყობად. თუ ის დატოვებს კომისიის შემადგენლობას, არ მგონია ამით კომისია დიდად დაზარალდეს”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიაში არ დარჩება, ვერ იმუშავებს, რადგან ვიმყოფებით არა პარლამენტში, არამედ აბსურდის თეატრში, – ამის შესახებ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენელმა ადა მარშანიამ, პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თაობაზე განაცხადა. მარშანიამ „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა. მისი თქმით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის გზას დაადგა.
„ბატონო პროკურატურავ, იმის მაგივრად, რომ თქვენ დაგებარებინათ ბოკერია და დაგეკითხათ, ახლა თქვენ აქეთ გიბარებთ დასაკითხად პარლამენტში. მინდა მივმართო “ქართულ ოცნებას“ – თქვენ უკვე აიზილეთ “ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ პროცესში და ერთი პოლიტიკური ძალა გახდით, რადგან მკვლელებსა და სადისტებს ხელს აფარებთ. ეს კომისია არის ამის გვირგვინი. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიაში არ დარჩება, ვერ იმუშავებს, რადგან ვიმყოფებით არა პარლამენტში, არამედ აბსურდის თეატრში“, – განაცხადა მარშანიამ.