პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა

„2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი” საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პირველი სხდომა გამართა და საორგანიზაციო საკითხები განიხილა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტი ძალიან რეზონანსული საქმეა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში.

„პარლამენტში მიღებული იქნა გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იმ კუთხითაც, რომ დადგინდეს სიმართლე და ასევე, მნიშვნელოვანია ზოგადად დემოკრატიის კუთხით, ანგარიშვალდებულების და პარლამენტის საქმიანობის კუთხითაც. ამიტომ, ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გვექნება წინ. ჩემი განწყობა და იმედი მაქვს, რომ კომისიის ყველა წევრის განწყობა არის ის, რომ ვიმუშავებთ ძალიან ინტენსიურად, ძალიან სწრაფად, მაქსიმალური  თავდადებით, ის მასალები, რომლებიც არსებობს გავაანალიზოთ, ახსნა-განმარტება ჩამოვართვათ ყველა იმ პირს, ვისაც შემხებლობა აქვს ამ საქმესთან და რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში მივიღოთ გადაწყვეტილებები”,-აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებიდან” კომისიის წევრის ადა მარშანიას განცხადებით, მისი პოლიტიკური ძალა აღნიშნულ საგამოძიებო კომისიაში არ დარჩება, რადგან მიუღებელია კომისიის შემადგენლობის უმრავლესობაში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა ყოფნა. დროებითი საგამოძიებო კომისიის არსებული წესით დაკომპლექტებაზე  მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ადა მარშანიამ  საპარლამენტო უმრავლესობა გააკრიტიკა.

ადა მარშანიას განცხადებას, კომისიის წევრი საპარლამენტო უმრავლესობიდან, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს ვინმეზე ხელის დაფარებას.

„ძალიან ცოტა პრეცენდენტია მსოფლიოში, როდესაც ხელისუფლება ბედავს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე შექმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში და მთელი კარტბლანში მისცეს ოპოზიციას, მათ შორის, თავმჯდომარეც იყოს ოპოზიციიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ არც დასამალი გვაქვს რამე  და არც ვინმეზე ვაპირებთ ხელის დაფარებას. პოლიტიკური სიმპათიები ნამდვილად არ გვაქვს ისეთი, რომ ჩვენ ვეთანხმებოდეთ რომელიმე თემასთან დაკავშირებით ამ ხალხს, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, მაგალითად,  ასეთი იყო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს პარლამენტში მივიღეთ და სამწუხაროდ, თქვენ მხარი არ დაუჭირეთ. ზოგადად,  ჩვენ ვართ პოლიტიკური ოპონენტები და ძალიან კრიტიკულად ვართ განწყობილი ამ ხალხის მიმართ, რომელთან ერთადაც შევქმენით კომისია და რომლებსაც ვუთხარით – კი ბატონო, თქვენ იყავით უმრავლესობაში.

მეორე არგუმენტი თქვენი განცხადების  საპირისპიროდ არის ის, რომ  ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავხვეწოთ პოლოტიკური კულტურა. ნელ-ნელა ასეთ რაღაცეებს უნდა შევეგუოთ და უნდა გავიგოთ, რომ რადიკალური პოლიტიკური დაპირისპირებები, სადაც მხოლოდ ემოციები ჭარბობს და რაციონალიზმის კომპონენტი ნულია, არ გამოგვადგება. ეს, ჩვენ შვილებს, ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად არ გამოადგება, გვიწევს ხანდახან ასეთი გადაწყვეტილებების მიღება და ეს არის სწორი”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, ეს არის პრეცენდენტული თემა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობას გადაწყვეტილება შემთხვევით არ მიუღია.

„დაიდოს ერთხელ და სამუდამოდ ისეთი პრეცენდენტი, რომელიც სამაგალითო იქნება ხვალ რომელიმე გამომძიებლისთვის, პროკურორისთვის, მოსამართლისთვის და საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის, რომელსაც, მითუმეტეს, შეიძლება შეხება ჰქონდეს მსგავს საქმეებთან”,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე დაინტერესდა არსებობდა თუ არა კომისიის თავმჯდომარის ზაზა სარალიძესთან შეხვედრის ჩანაწერები და შესაძლებელი იყო თუ არა მათი გაცნობა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში არ გაჩნდეს განცდა, რომ საპარლამენტო კომისიას რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„მოდით უზრუნველვყოთ ყველამ გაიგოს, რომ ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის კომისია, არამედ ეს არის პარლამენტის კომისია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის უმრავლესობით წარმოდგენილი, ეს ხომ უფრო მეტი პასუხისმგებლობის საფუძველს ქმნის, ვიდრე სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს ექნებათ და არ შევქმნათ განცდა, რომ ამ კომისიას ვინმე გაბედავს და გამოიყენებს თავისი სუბიექტური მიზნებისათვის და პოლიტიკური მიზნებისათვის. შევეცადოთ, რომ ეს განცდები ყველამ ერთად გავაქროთ”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განმარტებით, მან ზაზა სარალიძესთან შეხვედრაზე კომისიის ნდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა.

დროებითი საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ანრი ოხანაშვილი, ხოლო დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნად ოთარ კახიძე აირჩია.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კომისიის დებულება შეიმუშავა, რომელსაც პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს.

როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ აღნიშნა კომისია იმუშავებს ინტენსიურ რეჟიმში და მომდევნო სხდომის გამართვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები