სუსი: ერგნეთის შეხვედრაზე ტატუნაშვილის წამების საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 87-ე შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის საკითხიგან საკუთრებული სიმწვავით დაისვა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ავრცელებს.
უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კატეგორიულად მოითხოვეს მისი შინაგანი ორგანოების გადმოცემა.
ამასთან, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ გაამახვილეს ყურადღება 2014 წელს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში გაუჩინარებული და შემდგომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხზე.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები, უკანონო დაკავების ფაქტები, ადგილობრივებისთვის თავისუფლად გადაადგილების კუთხით შექმნილი შეზღუდვები და ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 10 ივლისს გაიმართება.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული სამედიცინო დასკვნა ოჯახს 5 დღის წინ გადაეგზავნა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.
ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.