რა შედეგით დასრულდა ხორავას ქუჩის საქმეზე, საგამოძიებო კომისიის წევრებისა და არასამთავრობოების შეხვედრა
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან საგამოძიებო კომისიის წევრების შეხვედრა დამთავრდა.
როგორც კაპანაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია შეეცდება, ეფექტურად იმუშაოს, რათა საქმეზე არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს.
„ჩვენ მოვისმინეთ მათი შეკითხვები, მათი პირველადი დამოკიდებულება, მათ შორის, პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით რა კუთხით ვიმუშავებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოებამ ყველა კითხვაზე, რომელიც დღეს არსებობს, მიიღოს პასუხი. ჩვენ ვაპირებთ, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც რაიმე შემხებლობაშია ამ საქმესთან, კომისიაზე მოვიყვანოთ, -არ აქვს მნიშვნელობა მათ თანამდებობას, პოლიტიკურ წონას – ეს ჩვენთვის შეზღუდვა არ იქნება. ამიტომ, მაქსიმალურად იმ ინსტიტუტების გამოყენებით, რომელიც ჩვენს ხელთ არის, შევეცდებით, რომ ეს პროცესი წინ წავწიოთ“, -განაცხადა კაპანაძემ.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელის, სულხან სალაძის განცხადებით, კომისია აქტიურ მუშაობას მომავალი კვირის ორშაბათიდან შეუდგება.
„კომისია, კომისიის ფორმატში მუშაობას დაიწყებს უკვე მომავალი კვირის ორშაბათიდან, როგორც დღეს ითქვა, აქტიური ფორმით, სხვა მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომისიას აქვს უფლება, ნებისმიერი პირი, რომელსაც შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდეს, გამოკითხოს“, -აღნიშნა სალაძემ.