თბილისის მეტროს მემანქანეები განცხადებას ავრცელებენ

„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – „ერთობა 2013“ გაფიცული 240 მემანქანის სახელით, განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, თუ რატომ მიიღეს მეტროპოლიტენის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება.

განცხადებაში მათსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს შორის გამართულ შეხვედრაზეა საუბარი.

„გვინდა გავაკეთოთ განცხადება გაფიცული 240 მემანქანის სახელით. მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენ შევხვდით დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, რომელმაც მოისმინა ჩვენი მოთხოვნები, გაგვაცნო სატრანსპორტო კომპანიაში არსებული მდგომარეობა და თბილისის ბიუჯეტის შესაძლებლობები. მთავარი, რაზეც ორივე მხარე შევთანხმდით, იყო ის, რომ ჩვენი მხრიდან არ ყოფილა ცალსახად დაყენებული საკითხი ხელფასების დაუყონებლივ ზრდის შესახებ და ბატონი კახიც დაგვეთანხმა, რომ თანამშრომელთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მისი, როგორც თბილისის მერის, ვალდებულებაა. კახა კალაძის მხრიდან იყო დაპირება, რომ მომავალი წლიდან დედაქალაქის მთავრობა დაუბრუნდება ამ საკითხს და ერთობლივად განვიხილავთ შესაძლებლობებს, რათა გაუმჯობესდეს მემანქანეების შრომის ანაზღაურება. ჩვენ გვქონდა დრო, რათა გვემსჯელა და გაგვეანალიზებინა შეხვედრის დეტალები და მივსულიყავით კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. პირველ რიგში, გვინდა ხაზი გაუსვათ, რომ ვენდობით თბილისის მერის დაპირებას და მის სიტყვას. ამასთან, რასაკვირველია, ვაცნობიერებთ თბილისის მოსახლეობის ინტერესებს და გვესმის, რომ ამ დღეების განმავლობაში ისინი მოკლებულები იყვნენ სწრაფი და მოხერხებული გადაადგილების საშუალებას. ამდენად, ჩვენ მზად ვართ, დღეს 14:00 საათიდან მეტროპოლიტენმა განაახლოს მუშაობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, მემანქანეები დეზინფორმაციას უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მათ უკან გარკვეული პოლიტიკური ძალები დგანან, რომლებიც პროცესების პოლიტიზირებას ცდილობენ.

„დაბოლოს, გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ჩვენი პროტესტის უკან დგანან გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ პროცესების პოლიტიზირებას. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ ძალებს და ვმოქმედებდით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები