„საპარლამენტო კომისიამ დეტალურად უნდა შეისწავლოს რა პრეტენზიები აქვთ, როგორც სარალიძის, ისე დადუნაშვილის ოჯახებს“

საპარლამენტო კომისიამ დეტალურად უნდა შეისწავლოს რა პრეტენზიები აქვთ, როგორც სარალიძის, ისე დადუნაშვილის ოჯახებს, რას მოჰყვა ეს ტრაგედია, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ამასთან, ვოლსკის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეცვალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოზიცია და რატომ თქვა უარი კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე, როცა კომისიის შექმნას თავად ითხოვდნენ.
„ჩვენ აღმოვჩნდით სამძიმარზე ადამიანთან, რომელსაც შვილი მოუკლეს და ამ ტრაგედიაში ვერც შეამჩნიეს, როგორ მოიქცა სასამართლო, რომელმაც თავის განაჩენით დაამტკიცა, რომ იგი პროკურატურისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. არც პროკურატურა და არც შსს გამოძიებას არ წყვეტს, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთმა შეძახილმა გამოიწვია სიტუაციის დაძაბვა, რითაც ისარგებლეს გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა. სამართლიანობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა. საპარლამენტო კომისიამ დეტალურად უნდა შეისწავლოს რა პრეტენზიები აქვთ, როგორც სარალიძის, ისე დადუნაშვილის ოჯახებს, რას მოჰყვა ეს ტრაგედია. ის, რომ ოპოზიციაა კომისიაში დომინანტი, – მიღებული ფორმაა. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, საპარლამენტო კომისია შევქმნათო, ისინი ასი პროცენტით დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჩვენ უარს ვიტყოდით. როდესაც აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა დაეთანხმა კომისიის შექმნას, მათ პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად დატოვეს დარბაზი. ვფიქრობ, მათი ადგილები გადანაწილდება „პატრიოტთა ალიანსზე“ და დამოუკიდებელ დეპუტატზე, ამას უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე დავამტკიცებთ. ეს ისეთი თემაა, რომ არა მგონია, რომელ პარტიულ ჯგუფსაც არ უნდა წარმოადგენდეს ადამიანი (პარლამენტარებს ვგულისხმობ და არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და თითო კაციან პარტიებს), არ უნდოდეს სიმართლის დადგენა ამ ტრაგედიის გარშემო“, – განახადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნა. გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში 31 მაისს მიიღეს.
დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე იმუშავებს, უმრავლესობას “ევროპული საქართველო” წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები