გიორგი კვირიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილს – არ მინდა, გქონდეთ შეგრძნება, რომ სახელმწიფომ გაგრიყათ და უარს ამბობს კომუნიკაციაზე

არ მინდა, გქონდეთ შეგრძნება, რომ თქვენ სახელმწიფომ გაგრიყათ და უარს ამბობს კომუნიკაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საკუთარ მოქალაქეებთან კომუნიკაციაზე უარი არასოდეს უთქვამს.
„მე არ მინდა, გქონდეთ შეგრძნება, რომ თქვენ სახელმწიფომ გაგრიყათ და უარს ამბობს კომუნიკაციაზე. პირადად თქვენგან არ ყოფილა ჩემთან შეხვედრის მოთხოვნა, თორემ ეს შეხვედრა აქამდეც შედგებოდა, ამ აქციების გარეშე. მინდა, თქვენ, თქვენს ოჯახს და მთლიანად პანკისელებს კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოგიცხადოთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე.
პრემიერმა მოისმინა ის კითხვები, რომლებიც მაჩალიკაშვილების ოჯახს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აწუხებს. გიორგი კვირიკაშვილი ასევე გაეცნო ოჯახის ადვოკატების მოსაზრებებს გამოძიების პროცესსა და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მათი მხრიდან გაჟღერებული საკითხებით დაინტერესდება და მაქსიმალურად შეეცდება, ამ საქმეზე უსამართლობის განცდა არ არსებობდეს.
შეხვედრაზე მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატებისთვის საქმის მეტი დეტალის გაცნობის შესაძლებლობაც განიხილეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილს მის ადვოკატებთან და სახალხო დამცველთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები