ნინო ლომჯარია: პრემიერთან შეხვედრაზე პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა

შვილმკვდარი ოჯახებისა და პრემიერის შეხვედრაზე პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც დღეს, პრემიერ-მინისტრისა და დადუნაშვილების, ასევე სარალიძეებისა და მაჩალიკაშვილის ოჯახების შეხვედრას ესწრებოდა.

“ვესწრებოდი სამივე შეხვედრას, ძალიან კარგად ვიცნობ სამივე საქმეს. სამივე შემთხვევაში, როგორც დაზარალებულებს, ისე ადვოკატებს და მეც მოგვეცა შესაძლებლობა საეჭვო გარემოებებზე გვესაუბრა. ნამდვილად სამუშაო რეჟიმში, საკმაოდ კონსტრუქციულად მიმდინარეობდა შეხვედრები და ვფიქრობ, ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი დაიფარა, რაც იყო სათქმელი დაზარებულების მხრიდან. იყო საუბარი იმაზე, თუ რას აკეთებს გამოძიება ახლა. საუბარი იმაზე, თუ რა ვადაში რა იქნება, არ ყოფილა. ბატონ ზაზას შევთავაზე, რომ მის ადვოკატებთან ერთად შევისწავლით ამ საკითხს იმისათვის, რომ ჩვენ ცალკე შესწავლა არ ვაწარმოოთ. უმჯობესი იქნება, რომ კოორდინაციაში ვიყოთ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას აქვს მოლოდინი, რომ გამოძიებების მიმართულებით სიახლეები იქნება, თუმცა ეს მოხდება 10 ივნისამდე თუ მას შემდეგ, არ იცის. “ზაზა სარალიძის მხრიდან თარიღი დასახელდა, თუმცა ვადებზე თანხმობა არ ყოფილა. თანხმობა იყო იმაზე, რომ ყველა გამოძიებაზე იქნება სიახლეები. პრემიერი გამოძიების თაობაზე ვერაფერს იტყოდა, მან ჩაინიშნა ყველა გარემოება, რომელიც გაჟღერდა. პრემიერის გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა, ბატონი ზაზა უნდობლობას უცხადებდა გამოძიებას. პოლიტიკურ თემებზე, გადადგომაზე და ა.შ. საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო ბატონი ზაზას წუხილებზე და მეორე მხარე პასუხობდა, თუ რას აკეთებდნენ კითხვებზე პასუხების გასაცემად“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები