ირაკლი კობახიძე: მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, სრულად იქნება უზრუნველყოფილი პარლამენტის ყველა რესურსის გამოყენება

„მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მანამდე დავიწყეთ ამ პრიორიტეტების გამოკვეთა, ვიდრე დადგინდებოდა მდგრადი განვითარების მიზნები, როდესაც ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკა, განსაკუთრებით სოციალური მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებით”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სემინარზე-„საპარლამენტო ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად”, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პოლიტიკა სწორედ იმ მიზნებს ეფუძნებოდა, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგშია ჩამოყალიბებული. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ მიზნების საბოლოოდ მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს არ იქნება იოლი. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიზნების საბოლოოდ მიღწევა. ვიცით, რომ ეს არ იქნება იოლი, გამომდინარე, მათ შორის, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ამ ეტაპზე, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 4 ათას დოლარზე ოდნავ მეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდება, წლები დაგვჭირდება იმისათვის, რომ მივაღწიოთ ეკონომიკური განვითარების სათანადო დონეს, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ მიგვაღწევინებს მდგრადი განვითარების მიზნებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე შეფასებით, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით აქტუალური შესაძლოა იყოს 2030 წელი. „ეს არის ის, ასე ვთქვათ, თარიღი, როდესაც ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი მიაღწევს ხუთნიშნა მაჩვენებელს და ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ არსებითად დავძლიოთ სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში და მივაღწიოთ ეკონომიკური განვითარების სათანადო დონეს, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული იმ მიზნების მიღწევასთან, რომელიც არის განსაზღვრული მდგრადი განვითარების დღის წესრიგით”,- განმარტა ირაკლი კობახიძემ. როგორც სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება ეროვნულ დონეზე უკვე დაიწყო. ამ მხრივ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის როლზე, განსაკუთრებით კი, საზედამხედველო ფუნქციაზე გაამახვილა ყურადღება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, პარლამენტის ყველა რესურსის გამოყენება სრულად იქნება უზრუნველყოფილი.
„ჩვენ გვესმის, რომ ძირითადი როლი ამ კუთხით უნდა შეასრულოს საქართველოს მთავრობამ, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პარლამენტის როლი. განსაკუთრებით, ჩვენი საზედამხედველო ფუნქცია და როლი ამ მიმართულებით. ამ პროცესში, ამ დღის წესრიგის განხორციელებაში უნდა იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი, უნდა იყოს ჩართული მისი თითოეული კომიტეტი, თითოეული კომიტეტი არის დაკავშირებული პირდაპირი ფორმით მდგრადი განვითარების მიზნებთან, აქედან გამომდინარე, სრულად იქნება უზრუნველყოფილი პარლამენტის ყველა რესურსის გამოყენება იმისთვის, რომ ეს მიზნები იყოს სათანადოდ მიღწეული”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ყურადღება ამ მიმართულებით დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაზე გაამახვილა. „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამაღლდეს ჩვენი პარლამენტარების, ასევე, პარლამენტის აპარატის ცნობიერება ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პარლამენტარების ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, პარლამენტის მიერ ზედამხედველობის პროცესში, ჩართულობის პროცესში და ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიო სამოქმედო გეგმის არსებობა და ამ კუთხით მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მდგრადი განვითარების მიზნები პირდაპირ არის დაკავშირებული „ღია მმართველობის პროგრამასთან”. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მდგრადი განვითარების მიზნები პირდაპირ არის დაკავშირებული ღია მმართველობის პროგრამასთან. ჩვენ გვაქვს სპეციალური სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ შესაბამისი მიზნები იყოს მიღწეული და ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით პარლამენტის როლის გაზრდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, საპარლამენტთაშორისო კავშირს (IPU), რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო და ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა, გენერალური მდივნის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ კუთხით, თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA ), შვედეთის მთავრობას იმისთვის, რომ ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან სერიოზულად ეხმარებიან საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად, ასევე, საქართველოს პარლამენტს. მათი მხარდაჭერა და თანადგომა არის ფასდაუდებელი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, მუნხტუია ალთანგერელიმ და შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მოლი ლიენმა. სემინარის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDO), შვედეთის მთავრობისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები