მედია: დიდი ბრიტანეთი ღაზას სექტორიდან ავადმყოფი ბავშვების ევაკუაციას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ღაზას სექტორიდან დაახლოებით 300 მძიმე ავადმყოფი ბავშვის სამკურნალოდ ევაკუაციას განახორციელებს. გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იზოლირებულ ზონაში მყოფი სერიოზულად დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას,- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ევაკუაცია განხორციელდება საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციითა და გაერო-ს მეშვეობით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უსაფრთხო გადაყვანა პირველადი სამედიცინო დახმარების ადგილამდე და შემდეგ — დიდ ბრიტანეთში.

ბრიტანელი ექიმებისა და ჰუმანიტარული ჯგუფების შეფასებით, ღაზაში ასობით ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია. მათ შორის არიან ონკოლოგიური, ნევროლოგიური და გულის დაავადებების მქონე პაციენტები, რომელთათვისაც შესაბამისი მკურნალობა ადგილზე მიუწვდომელია.

ბრიტანეთის მთავრობამ უკვე გამოყო ფინანსური რესურსები ტრანსპორტირებისა და სამედიცინო მომსახურების დაფარვისთვის.

უწყების განცხადებით, ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია და ლონდონი გეგმავს, ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა ეტაპობრივად გაზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები