ინდოეთის საგარეო უწყება: ის ქვეყნები, რომლებიც ინდოეთს აკრიტიკებენ, თავად არიან ჩართულნი რუსეთთან ვაჭრობაში

ინდოეთი უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის გამო აშშ-სა და ევროკავშირის სამიზნე გახდა, – ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ის ქვეყნები, რომლებიც ინდოეთს აკრიტიკებენ, თავად არიან ჩართულნი რუსეთთან ვაჭრობაში.

„ინდოეთი უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის გამო აშშ-სა და ევროკავშირის სამიზნე გახდა. სინამდვილეში, ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი იმიტომ დაიწყო, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ტრადიციული მარაგი ევროპაში გადამისამართდა. იმ დროს შეერთებულმა შტატებმა აქტიურად წაახალისა ინდოეთის მიერ ასეთი იმპორტი გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობის გასაძლიერებლად.

ინდოეთის იმპორტი ინდოელი მომხმარებლისთვის პროგნოზირებადი და ხელმისაწვდომი ენერგო ხარჯების უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი. ეს გლობალური ბაზრის სიტუაციით გამოწვეული აუცილებლობაა. თუმცა, აშკარაა, რომ სწორედ ის ქვეყნები, რომლებიც ინდოეთს აკრიტიკებენ, თავად არიან ჩართულნი რუსეთთან ვაჭრობაში. ჩვენი შემთხვევისგან განსხვავებით, ასეთი ვაჭრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ვალდებულებასაც კი არ წარმოადგენს.

2024 წელს ევროკავშირს რუსეთთან 67.5 მილიარდი ევროს ღირებულების საქონლით ორმხრივი ვაჭრობა ჰქონდა. გარდა ამისა, 2023 წელს მომსახურებით ვაჭრობა 17.2 მილიარდ ევროდ იყო შეფასებული. ეს მნიშვნელოვნად აღემატება ინდოეთის მთლიან ვაჭრობას რუსეთთან იმ წელს ან შემდგომში. 2024 წელს ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტმა რეკორდულ 16.5 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 2022 წლის ბოლო რეკორდულ 15.21 მილიონ ტონას აღემატებოდა.

ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა მოიცავს არა მხოლოდ ენერგიას, არამედ სასუქებს, სამთო პროდუქტებს, ქიმიკატებს, რკინასა და ფოლადს, ასევე მანქანა-დანადგარებსა და სატრანსპორტო აღჭურვილობას.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ის აგრძელებს რუსეთიდან ურანის ჰექსაფტორიდის იმპორტს ბირთვული ინდუსტრიისთვის, პალადიუმის ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის, ასევე სასუქებისა და ქიმიკატების იმპორტს.

ამ ფონზე, ინდოეთის მიზანში ამოღება გაუმართლებელი და დაუსაბუთებელია. ნებისმიერი მსხვილი ეკონომიკის მსგავსად, ინდოეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას თავისი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები