ქართველი მხატვარი ჯერაშის კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე – ქეთევან ჯავახიძე, „უდაბნოს დედოფალი“ და საოცარი მოგზაურობა პეტრას ზღაპრულ სამყაროში

ქეთევან ჯავახიძემხატვარი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, აკვარელის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელი საქართველოში, სსიპ ქალაქ თბილისის №64 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი ახლახან მიწვეული იყო იორდანიაში, ჯერაშის კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო 36-ე ფესტივალზე. იორდანიის კულტურის სამინისტროს მიერ ჩატარებულ ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნა წარმოადგენდა ეროვნულ კულტურას, როგორც ვოკალურ, ისე ქორეოგრაფიულ ნომრებს.
ამ ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ჯერაშის საერთაშორისო სახვითი ხელოვნების სიმპოზიუმი, 23 მხატვრის მონაწილეობით, სხვადასხვა ქვეყნიდან: იორდანია, თურქეთი, საქართველო, მონტენეგრო, ლიბანი, სირია, კოსოვო, პოლონეთი და სხვა.
ქეთევან ჯავახიძეს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ:

– რა თემაზე მოიაზრებდა ფესტივალი ნამუშევრების შექმნას?
– მხატვრებმა იორდანიაში შეასრულეს ნამუშევრები თემაზე – „დახატე შენი სამშობლო იორდანია“, ამისთვის მათ უმასპინძლა იურმუკის უნივერსიტეტმა, რექტორი გულთბილად დაგვხვდა. მხატვრებისთვის გამოიყო  ფართი და სივრცე, სადაც მათ შეძლეს წარმატებული მუშაობა. პარალელურად დავათვალიერეთ იორდანიის ღირსშესანიშნავი ადგილები, მუზეუმები, ვესტუმრეთ დიდებულ ისტორიულ ქალაქ პეტრას, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრების თვითმხილველნი გავხდით.
– ფესტივალს იორდანული მედია გამოეხმაურა, სადაც თქვენი ნამუშევრებიც შეაფასეს…
–  მედიამ გააშუქა ფესტივალი, დაიწერა, რომ იორდანელი მხატვრები შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ პროფესიონალ მხატვრებს, მათ შორის ქეთევან ჯავახიძეს – საქართველოდან. აღინიშნა, რომ იარმუკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სივრცეში გამართულ ვორკშოპებზე შექმნილ ჩემს ორ ნამუშევარში იორდანული მოტივები  საოცარი სულისკვეთებით არის ასახული. ნახატები მხატვრის ემოციების და გრძნობების ღრმა გამოხატულებააო…
მართლაც, შევქმენი  ორი უზარმაზარი ტილო  – „უდაბნოს დედოფალი“ და  „ძალაუფლების მქონე ქალი“, სადაც იორდანელი ქალების, ნაციონალური სამოსის და დეტალების ფონზე გამოსახულია  პეტრას ტაძარი და ჯერაშის ძველი რომაული არქიტექტურული დეტალები.– იორდანიიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით…
– ფესტივალის პერიოდში დავათვალიერეთ ქალაქ ირბიდის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე არქეოლოგიური მუზეუმი – UMM QAIS.  მუზეუმი მდებარეობს უძველეს ქალაქ გადარას აკროპოლისში, იორდანიის, ისრაელის და სირიის საზღვრებთან ახლოს.
ძველი რომაული კულტურის ნაშთებმა,  არტეფაქტებმა და ექსპონატებმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე… – თქვენი თვალით დანახული უძველესი ქალაქი პეტრა…
–   ვესტუმრეთ პეტრას, უძველეს ქალაქს, მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთს. რეალობაში ის ბევრად ლამაზი და შთამბეჭდავია, ვიდრე ფოტოებზე ან ფილმებშია აღბეჭდილი. ქვები გესაუბრებიან… უდაბნოს მელოდია შენამდე ქარს მოაქვს ქვიშის სახით მონაბერი… ფერთა საოცარ გამას სადღაც ზღაპრულ, არარეალურ სამყაროში გადაჰყავხარ… მზე საოცრად გელამუნება სახეზე, საიდანღაც ცხენის ფლოქვების ხმაც ისმის, რომელიც ბედუინების თითქოს მხატვრულ და პოეტურ ცხოვრებას გახსენებს, გამოგზაურებს…
აი, აქლემები კი უკიდეგანოდ ჩაფიქრებულან, დინჯად და მოხდენილად ეკეკლუცებიან უამრავ ტურისტს… სალი, უზარმაზარი წითელი ლოდები ცად აზიდულან და შენ უსუსური ადამიანი მათი სტუმარი ხარ, იმ სამყაროს წევრი, სადაც წარსული და მომავალი ერთმანეთს ერწყმის. კლდის კედლებით მიუყვები ქუჩებს, ზემოთ თუ აიხედავ, ზოგან ცა მოჩანს, სადაც აქა-იქ მოზრდილი ფრინველის ხმა, ჭყივილი თუ შეგახსენებს, რომ სადღაც სხვა სამყაროც არის, რეალური….იორდანიაში მოგზაურობამ არაბულ კულტურას მაზიარა, შემაგრძნობინა მათი ცხოვრების წესი და ადათი, ისტორია გაცოცხლდა, ლეგენდებმა გაიღვიძეს ჩემ თვალწინ… ეს ის ადგილია, სადაც სურნელიც სხვანაირია, ხმა მისტიკური, აქ შეგიძლია იოცნებო, იცეკვო კოცონის გარშემო, ყველაფერი შეგრძნებებად აქციო, სიმშვიდე დაიბადოს შენში, როგორც უკიდეგანო უდაბნოში….
შთაბეჭდილებებით და შემოქმედებითი იდეებით დახუნძლული არტმოგზაურობა იყო ჩემთვის.
– იორდანიის ფესტივალზე საქართველოდან მხოლოდ თქვენ იმყოფებოდით. როგორც ვიცი, ფესტივალის მონაწილეები დაინტერესდნენ საქართველოთი…
– დოქტორი ხალილ კოფაჰი არის იორდანელი  მხატვარი, სიმპოზიუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვისგანაც მივიღე თავდაპირველი მოწვევა.  ეს იყო ჩემთვის დიდი გამოწვევა, საოცნებო და საინტერესო ქვეყნის კულტურის ხილვის შესაძლებლობა  და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, რომ მე, როგორც ჩემი ქვეყნის „ელჩს“,  უნდა მესახელებინა საქართველო,  ღირსეულად წარმომეჩინა ფართო ასპარეზზე.
და აი, მართლაც, როდესაც შევხვდი უამრავ მხატვარს სხვადასხვა ქვეყნიდან, გავეცანი მათ, ბევრს არც გაეგო, საქართველო სად მდებარეობდა, არ იცოდნენ მისი ისტორია და კულტურა.ბევრი რომ არ ვისაუბრო ჩემს თავზე,  ამ ერთი კვირის მანძილზე ის შევძელი, რომ ყველას მოუნდა საქართველოში სტუმრობა, მოგზაურობა, ქართული ცეკვის რეალურად ყურება, კერძების დაგემოვნება და ა.შ. თან უახლოეს მომავალში. ამის პასუხისმგებლობაც მე დამაკისრეს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთო მსგავსი გამოფენა-ფესტივალის ორგანიზება და მივიწვიო ისინი.
შევიძინე უამრავი მეგობარი, მხარდამჭერი, გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები, რჩევები… საოცარი შეგრძნებებით დატვირთული, ასე ვთქვათ, შემოქმედებითად „გაზრდილი“ დავბრუნდი სამშობლოში.
ყველა მხატვარს ვუსურვებ მსგავს განცდებს, გამოცდილებებს. ეს ის არის, რაც ყველა ხელოვანს გვჭირდება ჰაერივით, რომ ჩვენი ქვეყნის მოტივირებული, პროდუქტიული და ღირსეული შემოქმედი შვილები ვიყოთ. ამისთვის კი თითოეულ მხატვარს სჭირდება ქვეყნის მხარდაჭერა, თანადგომა, მეტი ყურადღება.

                 

                                                     თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები