მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ზაზა სარალიძის გატაცების იმიტაცია იგეგმება

„ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის მამის გატაცების იმიტაცია იგეგმება“,- ამის შესახებ „აიპრესს“ კავკასიის საკითხებში ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ განუცხადა.
“ჩემამდე მოვიდა ხმები და ვიცი, რომ რაღაც ჯგუფი მუშაობს პანკისელებთან იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, მოხდეს ზაზა სარალიძის გატაცების მცდელობა და ეს ყველაფერი დაბრალდეს პანკისის მაცხოვრებლებს“,-განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ვინმე, რომ პანკისელები ამას დათანხმდებიან? ექსპერტი პასუხობს, რომ არ დათანხმდებიან, თუმცა მარგინალი ყველგან გამოჩნდება.
„ბუნებრივია, არ თანხმდებიან, თუმცა მარგინალი ყველგან გამოჩნდება, პანკისელი იყოს ან თბილისელი. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები ამ საქმეში გამოიყენონ, იმისთვის, რომ ასწიონ ვნებათაღელვა მიტინგზე და იმისთვის რომ რაღაც რაოდენობის ხალხი შეაგროვონ – რამდენიმე ათეული ათასი. თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პანკისელების ძირითად ნაწილთან არაფერი გამოუვათ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ამას სერიოზულად გეგმავდნენ. სარალიძე იქნება თუ მიტინგის სხვა მონაწილე, მე მოვუწოდებდი, დაფიქრდნენ ამაზე და არ აჰყვნენ მსგავს პროვოკაციას.მე ვაფრთხილებ, ყურადღებით იყვნენ ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ ჩვენც ვიცით ამის თაობაზე, რომ ასეთი ლაპარაკი პანკისში არის. რაღაც ჯგუფი ამაზე იქ მუშაობს. ეს ძალინ სახიფათო თემაა და გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას. იმ შედეგს ვერ მიიღებს ამის დამგეგმავი, რა შედეგიც უნდა, მაგრამ სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ მოხდება პანკისის ხეობის დისკრედიტაცია.
რა თქმა უნდა, პანკისელები ამას არ დაუშვებენ, მაგრამ მარგინალების, ბანდიტების, ყაჩაღების და შემსრულებლების პოვნა ყოველთვის შეიძლება. პანკისის ხეობაშიც, თბილისშიც, ვერაზეც, და მთაწმინდაზეც. მე მაქსიმალურად მინდა, რომ ქისტებს არაფერი შეეხოთ, იმიტომ, რომ ეს არის ვაჟკაცი ხალხი და მიუხედავდ იმისა, რომ გარკვეული უხერხული თემები იყო წლების განმავლობაში, საბოლოო ჯამში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პანკისი არის ყაჩაღების და მამაძაღლების თავშესაფარი! ეს თემა უნდათ გამოიყენონ იმ კონტექსტში, რომ მაჩალიკაშვილია ამ საქმეში ჩართული, ის უბედური მამაა, რომელმაც ვერ იპოვა სამართალი და ცდილობენ, ტვინი აურიონ, მაგრამ ზუსტად ვიცი, პანკისელების ძირითადი ნაწილი ამაზე არ წამოეგება“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ და დასძინა, რომ აქცია, რომელიც ზაზა სარალიძის თემით იყო საინტერესო, საერთოდ გაუფასურდა.
“გუშინდელი საღამოს მერე, როცა პოლიტიკური პარტიები გამოჩდნენ, ჩემთვის ეს აქცია, რომელიც სარალიძის თემით იყო საინტერესო, საერთოდ გაუფასურდა, რადგან გასაგები გახდა, რომ ამ ორი ადამიანის უბედურებას მავანი პოლიტიკური ძალები სათავისოდ იყენებენ. მე ვთვლი, რომ მთავრობის გადაყენებაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, პირიქით, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, მაქსიმალური გააკეთოს ამ გახმაურებული საქმეების გამოძიების თვალსაზრისით და მოაშოროს სამართალდამცავ სტრუქტურას და პროკურატურას ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში ხელს უშლიდა”, – განუცხადა „აიპრესს“ მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები