“ახალი პროკურორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება ყველასთვის მისაღები და რომლის მიმართაც არ იქნება კითხვის ნიშნები”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ პროკურორის არჩევის წესზე ისაუბრა.
მისი თქმით, ახალი პროკურორის კანდიდატურის არჩევის პროცესში უნდა იყვნენ ჩართულნი, როგორც პოლიტიკოსები, ისე საზოგადოების წევრები.
„ეს უნდა იყოს ფართო შეთანხმების საკითხი, პროცესში უნდა იყოს ჩართული როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ისე პარლამენტი და რაც მთავრია საზოგადოების წევრები, ასევე, არასამთავრობო სექტორი. ვფიქრობ, ახალი პროკურორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება ყველასთვის მისაღები და რომლის მიმართაც არ იქნება არავითარი კითხვის ნიშნები, იმისთვის რომ ეს პროცესები სწორად წავიდეს“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
კითხვაზე, რამდენად შეეფერება სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის კანდიდატურა პროკურორის პოსტs, დეპუტატმა აღნიშნა, რომ კახიშვილის წარსული იძლევა, იმის თქმის საშუალებას, რომ მისი კანდიდატურა, მისაღებია.
„ჯერჯერობით კახი კახიშვილზე საუბარი ასე პირდაპირ არ ყოფილა, თუმცა, მგონია რომ კახა თავისი კვალიფიკაციით, თავისი წარსულით და მის მიერ გატარებული რეფორმები, რომელიც მართლა უპრეცედენტოა და რომლითაც თავს ძალიან ვიწონებთ იგივე დასავლეთთან – მგონია, რომ მისი კანდიდატურა შესაფერისი იქნება“,- განაცხადა კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა რაც ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის პოსტი, საკუთარი ნებით დატოვა.
ცნობისთვის, პროკურორის კანდიდატებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არჩევს, რომელიც სიას საპროკურორო საბჭოს გაუგზავნის, საბჭო მთავრობას, მთავრობა კი თავის მხრივ დასამტკიცებლად უკვე საკანონმდებლო ორგანოს.