მირზა სუბელიანის შვილი, რომელიც 51-ე სკოლიდან სხვა სკოლაში გადავიდა, ერთი კვირაა გაკვეთილებს არ ესწრება

ყოფილი პროკურორის მირზა სუბელიანის შვილმა და ბორის კაკუბავას შვილიშვილმა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურანტია, 51 -ე სკოლა დატოვა და სწავლას 122-ე საჯარო სკოლაში აგრძელებს.
სწორედ, 51-ე სკოლის უკვე ყოფილი მოსწავლის, ა.ს-ს მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე არასწრულწლოვნებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა, რომელიც 2 არასრულწლოვნის მკვლელობით დასრულდა.
როგორც „კვირას” 51 -ე საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ განუცხადა, 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის შემდეგ, მშობელმა ა.ს. სხვა სკოლაში გადაიყვანა.
„ა.ს. მეორე სემესტრიდან ჩვენს სკოლაში აღარ სწავლობს. მშობელი მოვიდა, განცხადება დაწერა და შვილის სხვა სკოლაში გადაყვანა მოითხოვა. ამჟამად, იგი სწავლას 122-ე სკოლაში აგრძელებს. მიზეზი, თუ რატომ წაიყვანა ჩვენი სკოლიდან შვილი, მშობელს არ განუმარტავს“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას მანანა თურქაძემ.
ა.ს. – რომელსაც გამოძიების საქმის მასალებში მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს და პროკურატურას მისთვის არანაირი ბრალდება არ წაუყენებია, 122-ე სკოლის მე-9 კლასელია.
ამასთან, „კვირამ“ გაარკვია, რომ ა.ს. უკვე ერთი კვირაა, სკოლაში არ ცხადდება და სასწავლო პროცესს არ ესწრება.
122-ე საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ქოქრაშვილი ამბობს, რომ მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება მისი მოსწავლე გაკვეთილებს, არ იცის. თუმცა, სასწავლო პროცესის გაცდენილი საათები კი, კლასის ჟურნალში ფიქსირდება.
„ერთი კვირაა, რაც სკოლაში არ დადის. დამრიგებელმა მშობელს დაურეკა და მშობელმა უთხრა, სკოლაში არ ივლისო. ვიცით, რომ სახლშია. მოსწავლის სასწავლო პროცესის გაცდენილი საათები ფიქსირდება ჟურნალში. მიზეზი, თუ რატომ არ დადის მოსწავლე სკოლაში, უცნობია. ჩვენ მოსწავლის პირად ცხოვრებაში არ შევიჭრებით“, – განმარტა მედეა ქოქრაშვილმა.
პროკურატურის ინფორმაციით და გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს დ.ნ-ს, დ.ღ-ს და ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ა.ს-ს და თ.ჩ-ს შორის, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა.
ამასთან, ა.ს დახმარებისთვის ნათესავს მ.კ-ს დაუკავშირდა. მ.კ. მეგობრებთან ერთად 51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა.
სკოლასთან ასევე შეიკრიბნენ ა.ს-სთან და თ.ჩ-სთან დაპირისპირებული არასრულწლოვნები. დაპირისპირებულმა მხარეებმა ა.ხორავას ქუჩა №4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც მოზარდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.
ჩხუბის დროს გ.ბ-მ და გ.ჯ-მ ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან დ.ს-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანების გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც გ.ბ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან ლ.დ-ს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა, მეორე დღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები