ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
როგორც სარალიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება, თუმცა მისი თქმით, მოწმეები დაშინებულები და მოსყიდულები არიან.
„მივმართავ სრულიად საქართველოს, განურჩევლად პოლიტიკური მოღვაწეობისა, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა. დღეს ჩემი განადგურება არამარტო სისტემამ, არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტეს. მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება, მოწმეები დაშინებულები და მოსყიდულები არიან. ნივთმტკიცებები განადგურებულია, თუ მოწმეები და ნივთმტკიცებები აღარ არსებობს, რომელ გამოძიებაზეა საუბარი.
ეს არის მთავრობის მორიგი მეთოდი, რომ კიდევ მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს. გამოდის, რომ სისტემას მთავრობა მფარველობს.
ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან, ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა, ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი. მადლობა პრეზიდენტს, მის ოჯახსა და მის ადმინისტრაციას.
მმართველი გუნდის არცერთ წარმომადგენელს არ ჰქონდა სურვილი გვერდით დამდგომოდა, როგორც ადამიანი. როგორ ვენდო მათ, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ ჩემი მოსმენაც კი“, – წერს ზაზა სარალიძე.