დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაზე მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა შსს დატოვეს
შვიდსაათიანი გამოკითხვის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის მამამ და ბიძამ – ვანო ნაკაიძემ და ლევან ჯანაშიამ შსს-ს შენობა დატოვეს. მათ კომენტარი არ გააკეთეს. მათი განმარტებით, მათ ხელი აქვთ მოწერილი გაუთქმელობაზე.
მათ ჟურნალისტებთან მხოლოდ ის განაცხადეს, რომ საქმის ფარგლებში დამატებითი გადაწყვეტილებებია მისაღები. თუმცა ამ გადაწყვეტილებების შესახებ ისინი ინფორმაციას არ აჟღერებენ.
ისინი იმ მსჯავრდებულის ოჯახის წევრები არიან, რომელსაც დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი და დღეს სასამართლომ მას განზრახობა მკვლელობის მცდელობად გადაუკვალიფიცირა.
გუშინ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.
გუშინ, დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.