ზაზა სარალიძე მთავრობის გადადგომას ითხოვს
ხორავაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე პრემიერისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვს, პრეზიდენტს კი თანადგომისკენ მოუწოდებს.
ირაკლი შოთაძე იძულებით გადააყენეს თანამდებობიდან, მაგრამ არ ასრულებენ იმ მოთხოვნებს, არ ისჯება და არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვლელებს. არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვლელობის საქმის შემკერავებს და მთავარ ფიგურანტებს, ვინც აქტიურად იყო ჩართული ჩემი შვილის მკვლელობის საქმის შეკერვაში. შოთაძე გადადგა, სუბელიანი გარეთ არის, დავტოვოთ გარეთ?! დავტოვოთ ჩემი შვილის მკვლელები გარეთ?! სისტემამ ომი გამოგვიცხადა. ჩვენ დავანგრევთ სისტემას. პირდაპირ მივმართავ, სისტემის უკან დგას კვირიკაშვილის მთავრობა. ძირს კვირიკაშვილის მთავრობა. იმიტომ, რომ ისინი მფარველობენ სისტემას. გადადგეს ყველა, ვინც ამ სისტემას მფარველობს. სისტემას მფარველები ჰყავს. გადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა“, – განაცხადა სარალიძემ.
დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.
დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.