თბილისის პარალელურად საპროტესტო აქცია ქუთაისში, პარლამენტის წინ იმართება

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია თბილისის პარალელურად ქუთაისის პარლამენტთანაც იმართება.

აქცია ქალაქის ცენტრში 7 საათზე დაიწყო და შემდეგ მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.
აქციაში არასამათავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.

დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.

მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები