პროკურატურასთან მიმდინარე აქცია პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებს
საქართველოს მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებს. ამის შესახებ განცხადება, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ გააკეთა.
ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს გარდაცვლილი დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომის განცხადების გავრცელების შემდეგ აღნიშნეს, რომ სამოქალაქო ჯგუფი უნდა შეიქმნას. მათი თქმით, ამ ჯგუფმა უნდა შეარჩიოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი და წარუდგინონ პარლამენტს.
როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, “აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ ხორავას ქუჩის საქმის “გამყალბებლები სათანადოდ არ დაისჯებიან”.
შეგახსენებთ, რომ აქცია პროკურატურასთან დღეს, დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც მთავარი პროკურორის გადადგომას ეხებოდა, შესრულდა.
ირაკლი შოთაძემ თანამდებობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.