ნუკრი ქანთარია: პროკურატურა ვალდებულია, გამოძიება გააგრძელოს ამ უმძიმესი საქმის სრულყოფილად გამოსაძიებლად

„დღეს დადასტურდა, რომ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმის გამოძიებასთაან დაკავშირებით წერტილი არ არის დასმული.
სასამართლომ გარკვეულად გამოკვეთა, რომ ამ მკვლელობის მონაწილე მხოლოდ ის ორი ახალგაზრდა არ იყო, რომლებიც განსასჯელის სკამზე ისხდნენ და რომ ამ უმძიმეს დანაშაულში, სხვა პირებიც მონაწილეობდნენ“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომელიც დღეს გახდა ცნობილი.
როგორც დეპუტატი განმარტავს, მასაც, როგორც საზოგადოების უმრავლესობას, ჰქონდა განცდა, რომ ორი არასრულწლოვანის ასეთი სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს, მხოლო 2 პირი ვერ ჩაიდენდა.
მისივე თქმით, პროკურატურა ვალდებულია, გამოძიება გააგრძელოს, ყველა რესურსი ჩართოს ამ უმძიმესი საქმის დროულად და სრულყოფილად გამოსაძიებლად. „მეც სწორედ ეს განცდა მქონდა ამდენი ხნის მანძილზე, რასაც ვაკვირდებოდით და ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირე, რომ მხოლოდ ორი არასრულწლოვანი ვერ ჩაიდენდა ასეთი სისასტიკის მკვლელობას თანატოლების მიმართ. მარტო ის ფაქტი, რომ მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვნებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, საკმარისი არ არის. თუ საჭროა, გამოძიება თავიდან დაიწყოს. თუ უნდათ უცხოელი ექსპერტები ჩამოიყვანონ. წინ სააპელაციო სასამართლოა და საზოგადოება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და ობიექტურ განაჩენს ელოდება. ვფიქრობ, აი, ამის შემდეგ იქნებოდა მიზანშეწონილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. საზოგადოების კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები