ომბუდსმენი მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მკვლელობაში მონაწილე სხვა დამნაშავეების გამოსავლენად

უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველის აპარატი გამოძიების მასალებს სრულად შეისწავლის, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა.
„გამოძიების საქმის მასალებზე დღეის შემდგომ გვექნება წვდომა, განაჩენის გამოტანის შემდეგ. უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველის აპარატი გამოძიების მასალებს სრულად შეისწავლის. თუმცა, ამ ეტაპისთვის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებული აღნიშნული მხარე ღიად აპელირებდა, გამოძიება, სხვა პირების მიერ მკვლელობის ფაქტზე, დღემდე არ დაწყებულა და პროკურატურა გამორიცხავდა მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას. სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მკვლელობაში მონაწილე სხვა დამნაშავეების გამოსავლენად. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არსებობდა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნით, დავით სარალიძეზე მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა არ იყო მიყენებული გამოძიებით მოპოვებული იარაღით“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სასამართლომ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა:
„2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში“.
სასჯელის დანიშვნის სხდომა ხვალ, 1-ელ ივნისს, 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები