ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 21 მარტიდან 47 მისამართზე საქმის წარმოება დაიწყო

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაო შეაფასა. საუბარია 21 მარტიდან დღემდე სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმებულ ობიექტებზე.
„თქვენ იცით, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდა კანონში. 21 მარტიდან გაიზრდა ჯარიმები და ამ პერიოდიდან ზედამხედველობის სამსახურმა საქმის წარმოება დაიწყო 47 მისამართზე, მათ შორის: უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე რეაგირება მოხდა 13 ობიექტზე და ჯამში ჯარიმის სახით გამოიწერა 390 000 ლარი, პროექტის დარღვევის გამო დაჯარიმდა 11 ობიექტი – სულ 160 000 ლარი; შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის გამო გამოიწერა 5 ჯარიმა – ჯამში 250 000 ლარი; ხოლო სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობების გამო ჯარიმების საერთო ოდენობაა 450 000 ლარი.
კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ნუ დააყენებს კანონზე მაღლა საკუთარ ინტერესებს. ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ არსებული მდგომარეობის გამოსწორება, მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო სამშენებლო სექტორს, რომ მათ კონკრეტულ ობიექტებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული, ასევე, მიმდებარე ტერიტორიებზე. რაც დღეს მოხდა ყიფიანის ქუჩაზე, მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახურის გაძლიერებისა და მისი მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დაწყებულია მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება და ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები