სოსო მანჯავიძე: ბახტაძის ინიციატივებს შეხვდება წინააღმდეგობები, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაილახოს

პოლიტიკოსი სოსო მანჯავიძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ახალ ინიციატივებს ეხმაურება და „კვირას“ პრესკლუბში საუბრისას საბანკო-საფინანსო სფეროში მოსალოდნელ ცვლილებებს დადებითად აფასებს.
“დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე, სახელმწიფო არ ზრუნავდა მოქალაქეებზე, პირიქით, ის იყო ორიენტირებული საბანკო და სავახშო კაპიტალის მაქსიმალურ ხელშეწყობაზე, რისი შედეგებიც სახეზეა – მოსახლეობაში საშინელი ჭარბვალიანობაა, ხოლო ჯინის, ანუ უთანასწორობის ინდექსი 40-ია, რითაც ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ რუსეთი გვისწრებს.
ბუნებრივია, როდესაც მაჩვენებელი ასეთია, პოლიტიკურ სტაბილურობაზე და მაკრო-ეკონომიკურ სტაბილურობაზე საუბარიც კი ზედმეტია. როდესაც ქვეყანაში გყავს 800 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ბუნებრივია, რთულია პროგრესზე საუბარი. გამოსავალი ამ სიტუაციიდან გახლავთ ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს არამხოლოდ ინვესტირებას, მაკრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, არამედ, იმას, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა ეკონომიკური ზრდის პროცესში, დაფინანსდეს მაქსიმალურად ბევრი წარმოება (აქ საუბარია სწორედ საბანკო პროცენტის დაკლებაზე, სუბსიდირებაზე, იაფი საკრედიტო რესურსების მოძიებაზე).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივები ძალიან საინტერესოა, ის ზღუდავს ფინანსური ზვიგენების მადას. მთავარია ქვეყანაში არსებული საბანკო აპარტეიდი დავძლიოთ. საქართველო, როგორც სტრუქურულად, ასევე კონცეპტუალურად, იმართება საერთაშორისო საბანკო სექტორიდან, რომელიც უხვადაა წარმოდგენილი ჩვენს საბანკო სექტორში, ამიტომ მინისტრის მიერ წარმოდგენილ ინიციატივებს ცხადია შეხვდება წინააღმდეგობები, რაც აუცილებლად უნდა დავძლიოთ. არიან არასამთავრობოები, რომლებიც ამ ინიციატივებზე აცხადებენ, რომ მიღების შემთხვევაში დაირღვევა საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება მცდარია. თითოეული ჩვენთაგანის ვალია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციას, რომელიც ფინანსთა მინისტრმა ბახტაძემ გაავრცელა. მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ მოსახლეობა გამოვიყვანოთ ამ სავალალო მდგომარეობიდან, მათ შორის ისინი, ვინც ბანკების და მევახშეების მსხვერპლი გახდნენ ამ ინიციატივების შემოღებამდე. ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა იქნას მოძიებული იაფი რესურსები და იმ ადამიანებს, რომლებთაც ემუქრებათ საცხოვრისის დაკარგვა ეს ავაცილოთ თავიდან. სიტუაციის გამოსასწორებლად სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა შეეცადოს თავიდან ააცილოს თავის მოსახლეობას მარგინალიზაცია და გაღატაკება. საბოლოო ჯამში, არსებული ფინანსური სისტემა თავის თავს ჭამს. ბანკებს, მიკროსაფინანსოებს და მევახშეებს კანონი თუ ვერ შეზღუდავს, ის თავის თავს ვერ იზღუდავს და სპობს იმ არეალს რომელშიც ოპერირებს. სწორედ ამ პროცესის დადებითი მხრისაკენ შემოტრიალების მცდელობაა ახლადწარდენილი საკანონმდებლო ინიციატივები”, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები