ირაკლი კობახიძე: საკმაოდ რთულია პოლიტიკური პროგრესის მიღწევა რუსეთის ფედერაციასთან

საკმაოდ რთულია პოლიტიკური პროგრესის მიღწევა რუსეთის ფედერაციასთან – ამ მხრივ ნულოვანი შედეგია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციას უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარემ პრაგმატულ პოლიტიკაზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს და განაცხადა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პროგრესის მიუხედავად, პოლიტიკური პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.

“ვახორციელებთ ე.წ. პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით. ამ პოლიტიკას ფართოდ უჭერენ მხარს ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ვიყენებთ დიალოგის ორ სხვადასხვა ფორმატს. მოვახერხეთ, რომ გარკვეული პროგრესისთვის მიგვეღწია ჰუმანიტარული ურთიერთობების მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობების მხრივ, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ პროგრესს, ვიტყოდი, რომ ამ მხრივ ნულოვანი შედეგია. საკმაოდ რთულია პოლიტიკური პროგრესის მიღწევა რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებების მხრივ პრობლემები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გვაქვს ჰუმანიტარული პრობლემები, ცოტა ხნის წინ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე ცხინვალის რეგიონში, ციხეში მოკლეს და ამ შემთხვევამ ცხადყო, რომ ეს არ არის მხოლოდ გაყინული კონფლიქტი, მას მოაქვს სიკვდილი ადამიანებისთვის, ადამიანის უფლებების მუდმივი ხელყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას საერთაშორისო საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ მათი ყურადღება ამ პრობლემების მიმართ, ოკუპირებული რეგიონების მიმართ. ჩვენი ძალისხმევა საკმაოდ წარმატებულია, გვაქვს საკმაოდ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და მეგობრებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები