ნათია მეზვრიშვილი გავრცელებულ კადრებზე: მე ვფიქრობ, ადვოკატის საქციელი არაეთიკურია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ერთ-ერთი პატიმრის შესახებ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია ასეთია: ის, რაც ახლა ხდება და რა ინფორმაციებიც ვრცელდება ადვოკატის მხრიდან, რომელიც თვითონ ესწრებოდა ამ საგამოძიებო მოქმედებას, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ფლობდა ამ ვიდეომასალას და გამოაქვეყნა წინასასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რა მოტივაცია შეიძლება, ამოძრავებდეს ადვოკატს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ არაეთიკური საქციელი. არ შეიძლება პოლიციელების დისკრედიტაცია, სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ადამიანები კანონის სრული დაცვით მოქმედებენ. მე მესმის, რომ ამ ვიდეოში არის ბრალდებულის მხრიდან განწირული ხმით კივილი და ყვირილი. რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი: ფიზიკურ შეურაცხყოფას იქ ადგილი არ ჰქონია. პოლიცია მოქმედებდა და იყენებდა იძულების პროპორციულ ზომას იმ ბრალდებულის მიმართ, რომელმაც ნიმუშის აღებაზე უარი თქვა. ამ ნიმუშის აღება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ დაგვედგინა, ჰქონდა თუ არა მას ყაჩაღობასთან რაიმე ფორმით შეხება. ეს იყო აუცილებელი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმისთვის. რაც ყველაზე მთავრია, ეს მოხდა სასამართლოს განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა – ზედმეტია. იგულისხმება სტანდარტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. სამწუხაროდ, საპროცესო მოქმედების მონაწილეები ყოველთვის თანხმობას არ აცხადებენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე და კანონი ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი მოქმედებები იძულებით ჩატარდეს. ეს სწორედ ამ სახის შემთხვევა იყო“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები