საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, გალაკონცერტი გაიმართა

რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართა.

კონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდა, რომელსაც თბილისის მერი – კახა კალაძე  მოადგილეებთან ერთად დაესწრო. დედაქალაქის მერმა კონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დღევანდელ დღეს. მართლაც, ისტორიული დღეა. რთული იყო ის გზა, რომელიც გამოვიარეთ – ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ მოქალაქეებს. დღევანდელი დღე გალაკონცერტით დასრულდა და ძალიან სასიამოვნო დღე იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გალაკონცერტის სცენა, წინა წლებისგან განსხვავებით, თანამედროვე ტიპის ელემენტებითა და დეკორაციებით – ამრეკლავი იატაკით, ლედ განათებებით, აკუსტიკური კედლებითა და სხვა დეტალებით იყო აღჭურვილი. სპეციალურად კონცერტისთვის, ხუთმა ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა განსხვავებული ჟანრის ნამუშევარი შექმნა.

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წელი ხუთ პირობით ეპოქად დაიყო. თითოეულ ეტაპს განსხვავებული ნამუშევარი მიეძღვნა. გალაკონცერტში მონაწილეობა ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ნიჭიერმა შემსრულებლებმა მიიღეს. ეპოქათა ცვლის აღსაქმელად, კონცერტში, ვიზუალური ეფექტების ნაცვლად, განსხვავებული ხმოვანი არქიტექტურა იყო გამოყენებული.

 

კონცერტს აკომპანირება თანამედროვე ქართული სადირიჟორო ხელოვნების ერთ-ერთმა წარმატებულმა წარმომადგენელმა, მირიან ხუხუნაიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის ორკესტრთან და გუნდთან ერთად გაუწია. კონცერტის მნიშვნელოვან ნაწილს ორი ჰიმნი წარმოადგენდა – „დიდება“, რომელმაც საღამო გახსნა და „თავისუფლება“, რომლის ახლებური შესრულებითაც კონცერტი დაიხურა. ასევე, შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შედევრის – მე-9 სიმფონიის მეოთხე ნაწილი – „ოდა სიხარულისა“.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები