დამოუკიდებლობის დღეს გამართულ ღონისძიებებს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები დაესწრნენ

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართულ ღონისძიებებს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები დაესწრნენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ცენტრალურ ღონისძიებებში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების – ქარელის, კასპისა და გორის რაიონის გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრებმა ოცმა უფროსკლასელმა მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ “კვირას” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მოსწავლეები თავისუფლების მოედანზე წვევამდელების მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრნენ. შეხვდნენ სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს, მასთან ერთად დაათვალიერეს რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი ექსპოზიციები და ჩაერთნენ სხვადასხვა გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაში.

ახალგაზრდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების, ფინანსთა მინისტრებმა უმასპინძლეს. ბავშვები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცეს ეწვივნენ და თსუ-ს დაფუძნების, პირველი რესპუბლიკის ისტორიისა და 1918-1921 წ/წ განათლების სისტემის ამსახველ დოკუმენტებსა თუ ფოტომასალას გაეცნენ.

„ამ დღეს ვზეიმობთ ულამაზეს გოგო-ბიჭებთან ერთად, რომლებიც მავთულხლართებით გახლეჩილი სოფლებიდან არიან. ისინი დედაქალაქში სპეციალურად ჩამოვიდნენ, რათა ამ საზეიმო სულისკვეთების ნაწილი გახდნენ. მათი აქ ყოფნა არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ იმედისა და რწმენისა, რომ მეტი განათლებით, მეტი განვითარებით, უკეთესი მომავლის პერსპექტივით, მშვიდობითა და სწრაფვით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ, ნდობისა და მშვიდობის მშენებლობით, აუცილებლად მივაღწევთ ამ ქვეყნის გამთლიანებას, მავთულხლართების დაშლას და ერთიან, ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას, სახელმწიფოში, სადაც თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა, დაცულია. ამ ბავშვებთან ერთად, მინდა ყველას მოგილოცოთ 26 მაისი, ასი წლის იუბილე და კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მშვიდობით, აუცილებლად ვიმოძრავებთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისაკენ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები