შსს-მ დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში თავისუფლების მოედანზე აღნიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ქალაქ ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე აღნიშნა.

მოედანი 3 ფუნქციურ ზონად იყო დაყოფილი. ადგილობრივ მოქალაქეებსა და ქალაქის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ერთ-ერთ ზონაში გაცოცხლებულ, საქართველოს ბოლო 100 წლის ისტორიას გასცნობოდნენ. აქვე მოწყობილი იყო 1918 წლის რეპროდუქციული კაფე, სადაც სტუმრებს სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, ლევან დადიანის და ეკატერინე ჭავჭავაძის შთამომავალი – ალენ მიურატი მასპინძლობდა. ამავე ტერიტორიაზე განთავსებული იყო საგაზეთო ჯიხური – ე.წ. „კიოსკი“, სადაც ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი გაზეთი – „დამოუკიდებელი საქართველო“ დაურიგდა. მთელ ტერიტორიაზე სტუმრებს კოსტიუმირებული ადგილობრივი მსახიობები მასპინძლობდნენ.

ისტორიულ ზონაში მოეწყო მუზეუმი, სადაც 1918-1921წლებში, ასევე, 1991 წელს ქვეყანაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი დოკუმენტები და სახელმწიფო ატრიბუტიკა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, სამეგრელოს შესახებ ისტორიული დოკუმენტები და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები იყო გამოფენილი. მუზეუმის ერთი ნაწილი თანამედროვე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებს დაეთმო, სადაც სტუმრები ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და „112“-ში განხორციელებულ ცვლილებებს და დანერგილ სიახლეებს ეცნობოდნენ.

თავისუფლების მოედანზე, ასევე, იყო ღია კინოთეატრი, სადაც სტუმრებს საარქივო მასალებზე დაყრდნობით მომზადებული, მოკლემეტრაჟიანი ისტორიული ფილმები უჩვენეს. ადგილობრივმა სტუდენტებმა, რომლებიც ჩართული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტში – „შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი“, ისტორიულ თემებზე პრეზენტაცია წარმოადგინეს.

აქვე, 100 წლიანი ისტორიის გასაცოცხლებლად, მოეწყო რეტრო ფოტოგამოფენა და წარმოდგენილი იყო იმ პირველი ავტომანქანის მაკეტი, რომელიც, ისტორიული ცნობების თანახმად, 1901 წელს სენაკში ჩამოიყვანეს. ასევე, წარმოდგენილი იყო იმდროინდელი პოლიციის პირველი ეტლი და რარიტეტული ავტომობილი, ისტორიული ტრანსფორმაციის სადემონსტრაციოდ კი – თანამედროვე ავტომანქანა.

მეორე ფუნქციური ზონა ტექნიკის გამოფენას დაეთმო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი საპატრულო ჰიბრიდულ მანქანები, მოტოციკლეტები, სეგვეი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯავშანტექნიკა – „კობრა“, „მგელი“ და „დეფენდერი“, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო და საზღვაო აღჭურვილობა წარმოადგინა.

რაც შეეხება მესამე ფუნქციურ ზონას, აქ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები შესთავაზა: მართვის მოწმობის იმიტირებულ საგამოცდო მოედანი, ბავშვებისთვის საინტერესო თამაშები და ვირტუალური ტირი, სადაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, ინსტრუქტორის დახმარებით პოლიციელის როლი მოერგოთ.

ღონისძიებაზე მოეწყო დაჯილდოებებიც – „112“-მა სიმბოლური პრიზები გადასცა იმ ადამიანებს, რომლებმაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს. დაცვის პოლიციამ კი ისინი დააჯილდოვა, ვინც პრეკამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში წინასწარ დამალული ციფრები იპოვა და „100“ ააწყო.

თავისუფლების მოედანზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ტექნოპარკის ექსპოზიცია, სადაც ადგილობრივი სტარტაპების პრეზენტაცია და გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიღებდნენ ქართველი მომღერლები: ნატო მეტონიძე, ანი კეკუა, რობი კუხიანიძე, ელენე ფოჩხუა, მეგი გოგიტიძე, ქეთი ორჯონიკიძე, რუსა მორჩილაძე და სხვა შემსრულებლები.

ზუგდიდში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, დამოუკიდებლობის დღის კულმინაცია 17:10 საათზე დაიწყო, ზუსტად იმ დროს, როდესაც 100 წლის წინ ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა: ადგილობრივმა ანსამბლმა „ოდოიამ“ საქართველოს ჰიმნი შეასრულა, ბავშვებმა ცაში ჰელიუმის ბუშტები აუშვეს, საჰაერო ბურთიდან კი ფერადი „კონფეტი“ გადმოიყარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები