გიორგი გახარია: სიმბოლურია, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ აფხაზეთიდან, ეს დღესასწაული, ეს ღონისძიებები ჩვენთვის დამატებით ძალისმომცემია

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის მიღების ცერემონიალის შემდეგ ზუგდიდში გაემგზავრა. მინისტრმა ზუგდიდის თავისუფლების მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული ღონისძიებებზე ადგილობრივ მოქალაქეებსა და ქალაქის სტუმრებს პირადად უმასპინძლა.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ წილად გვერგო აქედან, ზუგდიდიდან, სამეგრელოდან მიგველოცა საქართველოსთვის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ასი წლისთავი. ამ კუთხემ, ისევე როგორც სხვებმა, ბევრი მსხვერპლი და დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის საქმეში. ჩვენ ვეცადეთ, ზუგდიდელებისთვის და სამეგრელოს მოქალაქეებისთვის, ადგილობრივებისთვის მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა, რათა მათ შეეგრძნოთ ის დიდებული დღე, რომელსაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ.
სიმბოლურ ფაქტორსაც ჩვენ დიდი ყურადღება მივაქციეთ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ აფხაზეთიდან. ეს დღესასწაული, ეს ღონისძიება ჩვენთვის არის დამატებითი ძალისმომცემი, რამეთუ ყველამ ერთად ვიშრომოთ კიდევ უფრო მეტი, ვიბრძოლოთ, კიდევ უფრო მეტი, რამეთუ შევძლოთ მაქსიმალურად გონივრულ ვადებში აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს გაერთიანება.
რეალურად, ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ იმისთვის და მიზანი, გარდა რა თქმა უნდა, უდიდესი დღესასწაულის აღნიშვნისა, გახლავთ ის, რომ ჩვენი კავშირები ჩვენს მოქალაქეებთან, ნდობის ხიდები იყოს კიდევ უფრო ახლო და განსაკუთრებით, ახალგაზრდებთან, იმ ბავშვებთან, რომლებიც დღეს აქ ერთობიან. ეს ის ბავშვები არიან, რომლებმაც უნდა შეავსონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს რიგები და ეს ის თაობაა, რომელმაც ერთიან საქართველოში უნდა იცხოვროს“. – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სამეგრელოში, ზუგდიდის მთავარ მოედანზე მასპინძლობს. მთელი დღის განმავლობაში 3 ფუნქციურ ზონად დაყოფილ სივრცეში სტუმრებს საქართველოს გაცოცხლებულ ბოლო 100 წლის ისტორიის გაცნობის შესაძლებლობა აქვთ. სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებები ზუგდიდში 11 საათიდან დაიწყო და გვიან ღამით გალა კონცერტით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები