მამუკა ბახტაძე: 2018 წლის 26 მაისი არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან

“2018 წლის 26 მაისი არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო საუკუნეების მანძილზე, საქართველოს აქვს ყველაზე მასშტაბური მხარდაჭერა იმ მისწრაფებებში, რაც ქვეყანას ისტორიულად აქვს – ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ბრძოლა თავისუფალი არჩევანისთვის და ბრძოლა ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის.
„საქართველოს სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ 2018 წლის 26 მაისს სრულიად განსაკუთრებული როლი უკავია ამ მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, როდესაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ კიდევ ერთი მცდელობა, საქართველო დაბრუნებულიყო თავის ისტორიულ ოჯახში, დაბრუნებულიყო ევროპაში. სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციამ მათ არ მისცა საშუალება, ბოლომდე შეესრულებინათ თავანთი მისია, მაგრამ ჩვენს თაობას აქვს სრულიად უნიკალური შანსი და ამავე დროს, პასუხისმგებლობა, რომ წინაპრების დაწყებული გზა ბოლომდე მივიყვანოთ და მივიყვანოთ წარმატებით. დღეს ვარ ძალიან ბედნიერი, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, როდესაც ვხედავ ასეთ ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, 2018 წელი ფინანსთა სამინისტროსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„2018 წელი ფინანსთა სამინისტროსთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვახორციელებთ ბევრ რეფორმას. მათი ნაწილი უკვე ცნობილია და ძალაში შევა მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან. ამასთან ერთად, ჩვენ ზაფხულში დავაანონსებთ კიდევ რამდენიმე რეფორმას, რომელიც ძალაში 2018 წლის შემოდგომიდან შევა. საქართველო დღეს არის განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ბაზარზე გვჭირდება ისეთი წესები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში მივიღოთ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, ისეთი ზრდა, რომელიც შეეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. საქართველოში ჩვენ, სამწუხაროდ, კიდევ გვაქვს სიღარიბის პრობლემა, მაგრამ თითოეული ჩვენი რეფორმა მიმართულია ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევისკენ – საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები